ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხზე საუბრობდა, საქართველოს მდგომარეობის შეფასებისას თქვა, რომ “საქართველოს გაწევრიანების გზაზე დაბრუნების საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა განიხილონ, თუ ქვეყნის ხელისუფლება დამაჯერებელ ნაბიჯებს გადადგამს დემოკრატიული უკუსვლის შესაცვლელად”.
“საქართველო მკაფიო შეხსენებაა, რომ შესაძლოა, ევროკავშირის გზაზე უკუსვლაც მოხდეს. რომ როდესაც ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას დავიწყებთ, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ევროკავშირისკენ წინსვლა ავტომატურად მოხდება”
კოსმა ჩამოთვალა კანონები, რომელთა მიღებაც დემოკრატიულ უკუსვლაზე მეტყველებს.
„მაშინ, როცა ათასობით ადამიანი ევროკავშირის დროშებით მსვლელობას მართავს, ხელისუფლება საპირისპირო მიმართულებით მიდის, საქართველოს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი წარმოადგენს ქვეყნის დემოკრატიისთვის სერიოზულ უკუსვლას და მაუწყებლობისა და გრანტების შესახებ კანონებთან ერთად საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებს“, – თქვა კოსმა.
მან გაიმეორა კაია კალასთან, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად გასულ კვირაში გამოქვეყნებული ერთობლივი წერილი და მოწოდებები.
„ჩვენს ერთობლივ განცხადებაში, რომელიც წინა კვირას გამოქვეყნდა, უმაღლესმა წარმომადგენელმა კალასმა და მე მოვუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას, მოუსმინოს თავისი მოქალაქეების მკაფიო მოთხოვნებს დემოკრატიისა და ევროპული მომავლის შესახებ, და გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი, აქციის მონაწილე და პოლიტიკური ლიდერი და ჩვენ ამას კვლავ და კვლად ვიმეორებთ.
კვლავინდებურად პასუხისმგებლობა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას აკისრია. საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნება ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა განვიხილოთ, თუკი ხელისუფლება დამაჯერებელ ნაბიჯებს გადადგამს, რათა კურსი იცვალოს დემოკრატიულმა უკუსვლამ და ამ პერიოდში ჩვენ ნამდვილად უნდა დავეხმაროთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ქართველ ხალხს”, – თქვა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა.
“ქართული ოცნების” მთავრობის 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკებების დღის წესრიგში დაყენება 2028 წლამდეა გადადებული; მოლაპარაკებების გახსნა კანდიდატის სტატუსის შემდეგი ნაბიჯი და აუცილებელი ეტაპია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.
ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იმეორებენ, რომ ბრიუსელიდან საქართველოს ხელისუფლებას უპირისპირდება „დიპ სტეიტი“, რომელსაც ქვეყნის ომში ჩათრევა სურს. „დიპ სტეიტის“ არსებობა და განზრახვები ფაქტებით დადასტურებული არ არის. ამის მიუხედავად, მმართველ პარტიაში ირწმუნებიან, რომ ქვეყანას ევროინტეგრაციის გზიდან არ გადაუხვევია და საუბრობენ ევროკავშირის ლიდერების მიდგომებში “ორმაგ სტანდარტზე”, რითაც ხაზს უსვამენ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ევროკავშირის “უსამართლო დამოკიდებულებას”.
„ხედავთ, როგორი უსამართლობაა, დსთ-ის წევრი ქვეყანა, მოლდოვა, ნული პოლიტიკური და მედიაპლურალიზმით, დემოკრატიის, კორუფციის კუთხით სერიოზული პრობლემებით, აქვს მოლაპარაკებები გახსნილი და ჩვენ არა. ეს არის სრული უსამართლობა. ერთადერთი ახსნა და მიზეზი შეიძლება ჰქონდეს ამ უსამართლობას, ეს არის განსხვავებული ინტერესები“, – ნათქვამი აქვს “ქართული ოცნების” მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს.
საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2023 წლის ბოლოს მიიღო.
ფორუმი
