მარტა კოსი აცხადებს, რომ მოლდოვა შესაძლოა 2029 წლამდე გაწევრიანდეს ევროკავშირში

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისთვის 28 აპრილს მიცემულ ინტერვიუში, ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავს ორი ქვეყნის „გაცალკევებას“ ივნისშივე, როცა ბრიუსელში გაფართოებაზე გადაწყვეტილებების მიღებას მოელიან.
„ჩვენ უკვე ვმსჯელობთ წევრ ქვეყნებთან როგორ მოვიქცეთ, ვინაიდან არცერთი ქვეყანა არ არის მოლდოვასთან პირველი კლასტერის (გაწევრიანების შესახებ თავების) გახსნის წინააღმდეგი“ – განაცხადა კოსმა.
მოლდოვა ევროპის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა, უკვე სამ წელიწადზე მეტია ს მიერ წამოწყებულ სრულმასშტაბიან ომშია. დღემდე გაწევრიანების პროცესში ეს ორი ქვეყანა ერთად მიიწევდა წინ.
მოლდოვამ და უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთეს 2022 წელს, რუსეთის ჯარის უკრაინაში შეჭრიდან მალევე. ორივე ქვეყანას ევროკავშირის 27-ივე წევრმა სახელმწიფომ მწვანე შუქი აუნთო გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად.
უკრაინასთან მოლაპარაკებების პროცესს აჩერებს ბუდაპეშტი, რომელიც უკრაინაში უნგრულენოვანი უმცირესობის უფლებებს იდებს საბაბად.
რთე/რთ-სთან ინტერვიუში მარტა კოსმა განაცხადა, რომ შესაძლებელია მოლდოვა მისი ევროკომისრობის ვადაშივე, 2029 წლამდე გახდეს ევროკავშირი წევრი. გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ფიქრობს, რომ „მარცხი იქნება, თუკი ახლანდელი ევროკომისიის ვადაში ევროკავშირში არცერთ ახალ წევრს არ მიიღებენ“.
კოსი დარწმუნებულია, რომ დასავლეთ ბალკანეთის ლიდერი კანდიდატი ქვეყნები – ალბანეთი და მონტენეგრო მომდევნო სამ-ოთხ წელიწადში გახდებიან ევროკავშირის წევრები და ამასთან ტოვებს შანსს კიშინიოვისთვისაც.
„მოლდოვა ნამდვილად კარგი მოწაფეა ამ ჯგუფში. ისინი ნამდვილად გრძნობენ ამ ისტორიულ მომენტს. …ეს არის ის, რაც აქამდე არასდროს გვინახავს, რადგან ეს არის მშვიდობის პროექტი და მათ სურთ ეკუთვნოდნენ ღირებულებებისა და დემოკრატიის თანამეგობრობას. მათ სურთ გააკეთონ ყველაფერი, რაც შესაძლებელია“.
კოსმა სინანული გამოხატა უკრაინის გაწევრიანების საკითხზე ბუდაპეშტის თამაშის გამო, რომელიც იმდენად შორს მიდის, რომ საკონსულტაციო რეფერენდუმის გამართვასაც აპირებს უკრაინის ბლოკში გაწევრიანების საკითხზე.
„უკრაინამ საკმარისი გააკეთა, შემიძლია პირადი გამოცდილებით გითხრათ, რადგან მე ვიყავი უნგრეთსა და უკრაინას შორის დიალოგის ფასილიტატორი. ბევრი საკითხი იყო და უკრაინას სურს ყველა მათგანის განხორციელება. თუმცა ეს არასაკმარისია უნგრეთისთვის“ – განაცხადა მარტა კოსმა.
ფორუმი