მარტა კოსი – აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხით, რომლებიც ქუჩაში გადიან და იბრძვიან ევროპული პერსპექტივისთვის – მოვუწოდებთ მთავრობას და ყველა ინსტიტუტს, დაუბრუნდით ევროპულ გზას, ეს არის ის, რასაც თქვენი ხალხი მოითხოვდა

მოვუწოდებთ [საქართველოს] მთავრობას და ყველა ინსტიტუტს, დაუბრუნდით ევროპულ გზას, ეს არის ის რასაც თქვენი ხალხი მოითხოვდა და თქვენ ეს უნდა უზრუნველყოთ, – ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის რიგგარეშე სხდომის შემდეგ განაცხადა.
„ევროსკოპის“ რედაქტორ, თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზე თუ როგორ აფასებს ის ფაქტს, რომ მაუწყებლის შესახებ ახალი კანონით უკვე შევიდა საჩივარი მედიის წინააღმდეგ და რა ბერკეტი აქვს კომისიას იმისთვის რომ, „ქართული ოცნება“ დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას, ევროკომისარმა განაცხადა, რომ ევროკავშირს საქართველოში არსებული დემოკრატიულ პროცესში უკუსვლა აღელვებს.
„აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხით, რომლებიც ქუჩაში გადიან და იბრძვიან ევროპული პერსპექტივისთვის, ევროკომისია და პირადად მე მხარს დავუჭერთ სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში და რამდენიმე ორგანიზაციას მის ფარგლებს გარეთ. მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ ნამდვილად გვაღელვებს დემოკრატიულ პროცესში უკუსვლა. ასე რომ მოვუწოდებთ მთავრობას და ყველა ინსტიტუტს, დაუბრუნდით ევროპულ გზას, ეს არის ის რასაც თქვენი ხალხი მოითხოვდა და თქვენ ეს უნდა უზრუნველყოთ“, – განაცხადა მან.
ამასთან, მარტა კოსის თქმით, საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირი მოვლენების განვითარების 3 შესაძლო სცენარს განიხილავს.
„რა შეიძლება გავაკეთოთ, იცით, რომ სანქციები აქვთ დაწესებული ადამიანებს. განხილვა შეიძლება სამი მიმართულებით წავიდეს, პირველი შესაძლოა იყოს კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევა, რაც არ მსურს რომ განვიხილოთ, რადგან ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ქვეყანას ჰქონდეს კანდიდატის სტატუსი. გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება, რამდენიმე დებულება შეიძლება გაუქმდეს, იმის გამო რაც საქართველოში ხდება და მესამე ნაწილი იქნებოდა ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, რასაც ასევე არ ვისურვებდი მთელი მოსახლეობისთვის, რადგან იმსახურებს რომ ისარგებლოს თავისუფალი უვიზო მიმოსვლის სისტემით. შეგვიძლია მეტი გავაკეთოთ პიროვნებების მიმართ და ჩამოვართვათ თავისუფალი მიმოსვლა. ეს ყველაფერი არის შესაძლებლობა და გადაწყვეტილებას საბჭო მიიღებს. როგორც იცით საბჭომ შეაჩერა მოლაპარაკებები და როგორც კი მთავრობა აჩვენებს მზაობას დაუბრუნდეს ევროპულ გზას, მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ“, – განაცხადა კოსმა.