NASA-ს მარსმავალმა Curiosity მარსზე სუფთა გოგირდისგან შემდგარი ქვები იპოვა. აქამდე მეცნიერებმა იცოდნენ, რომ წითელ პლანეტაზე გოგირდის შემცველი მინერალები არსებობს, თუმცა სუფთა გოგირდი პლანეტაზე პირველად აღმოაჩინეს.
NASA-ში აზუსტებენ, რომ კრისტალები მაისში იპოვეს, როცა მარსმავალმა ერთ-ერთი ქვა გატეხა, რომელსაც შიგნით გოგირდისთვის დამახასიათებელი ყვითელი შეფერილობა ჰქონდა. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ სუფთა გოგირდის ფორმირებას განსაკუთრებული პირობები სჭირდება.
„მინდორში სუფთა გოგირდისგან შედგენილი ქვების პოვნა იგივეა, რაც უდაბნოში ოაზისის პოვნა. ამ აღმოჩენას ახსნა სჭირდება“, – განაცხადა Curiosity-ს მისიის თანამშრომელმა აშვინ ვასავადამ.
წყარო: იმედინიუსი