მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შვილს, მამუკა გიგანს, რომელიც არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, მოსამართლემ გირაო შეუფარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება.
როგორც მამუკა გიგანის ადვოკატი TV პირველთან ამბობს, მოსამართლეს გირაოს შეფარდების კანონიერი საფუძვლები ჰქონდა, მათ შორის, ის, რომ ბრალდებული პოლიციაში თავისით გამოცხადდა. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ მამუკა გიგანმა არასრულწლოვანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და ის პოლიციამ მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავა.
„არსებობდა გირაოს შეფარდების კანონიერი საფუძვლები, მათ შორის ის, რომ მამუკა გიგანი თავისით მივიდა პოლიციაში, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მისცა ყველა სახის ნიმუში… საქმეში მოთავსებულია დაზარალებულის განცხადება, რომელიც დამოწმებულია ნოტარიულად. [ეს ხელმოწერილი დოკუმენტი] დაცვის მხარეს არ მოუპოვებია, როგორც ხდება ხოლმე, ალბათ, დაზარალებულმა თვითონ მიიტანა პოლიციაში“, – აცხადებს ადვოკატი.
TV პირველის ინფორმაციით, არასრულწლოვანის დედას იძულებით მოაწერინეს ხელი ნოტარიული აქტზე, სადაც ეწერა, რომ დაზარალებულს მამუკა გიგანთან პრეტენზია არ ჰქონდა.
მამუკა გიგანის ადვოკატის თქმით, მსგავსი ინფორმაცია მისთვის ცნობილი არ არის და არც ჰგონია, რომ სინამდვილეს შეესაბამებოდეს.
19 სექტემბერს აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მამუკა გიგანმა მოზარდზე იმის გამო იძალადა, რომ მან ქართული ენა არ იცოდა.
გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით დაიწყო და დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
