მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ვინაობა ცნობილია

ცნობილია იმ მოზარდების ვინაობა, რომლებიც 30 დეკემბერს, მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპნენ.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი, თამთა მიქელაძე “ტვ პირველის” ეთერში აცხადებს, რომ ტრაგიკულად გარდაცვლილები მე-11 კლასელი სინანი და მე-9 კლასელი ელჩინი არიან.

ახალგაზრდები ეთნიკურად აზერბაიჯანელები იყვნენ.

ცნობისთვის, 30 დეკემბერს, მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ორი მოზარდი დაიღუპა.  ერთ-ერთი ახალგაზრდა ადგილზე, მეორე კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდა ამისა, შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა კიდევ ორი ​​ახალგაზრდა, რომლებიც გზაზე გადადიოდნენ.

ავარიას ბოლნისის სოფელ ნახიდურში არეულობა და დაპირისპირება მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანის მძღოლი ადგილიდან არ წავიდა, ხოლო მოსახლეობა მას ფიზიკურად დაუპირისპირდა. მძღოლმა თავის შეფარება სასწრაფოს მანქანაში სცადა, თუმცა მანქანა მოქალაქეებმა დაამსხვრიეს.

ამასთან, როგორც “პირველებს” ადგილიდან აცნობეს, მარნეულში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა კლინიკა ავერსის მინები ჩაამსხვრიეს. ვითარების განმუხტვას ადგილზე მობილიზებული სასულიერო პირები ცდილობენ.

ადგილზე ასევე სპეციალური დანიშნულების რაზმები შეიყვანეს.