მარნეულის რაიონში 7 მოქალაქეს ქონებას იძულებით ჩამოართმევენ

მარნეულის რაიონში 7 მოქალაქეს ქონებას იძულებით ჩამოართმევენ
მარნეულის რაიონში, მოქალაქეებს ქონებას იძულების წესით ჩამოართმევენ. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის ბრძანებაშია აღნიშნული.
საუბარია საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი პროექტის განხორციელებაზე, რომლის ფარგლებშიც, მოქალაქეთა კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭა.
საპროექტო გეგმის მიხედვით, სამუშაოს არეალში ქვემოთ ნახსენებ მოქალაქეთა კონკრეტული მიწის მონაკვეთები მოექცა, რის გამოსყიდვაზე სახელმწიფომ მათთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.
„საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთ-დასავლეთის გზის მე-4 საინვესტიციო პროექტის რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს საავტომობილო გზის (ლოტი 3-4) მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ:
ვაგიფ ბაირამოვის საკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახლოლალოში მდებარე 25 800 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 11 590 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მასზე არსებულ შენობა/ნაგებობაზე და ერთწლიან კულტურაზე.
ხალიდა გურიანოვას საკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტში, კურტლიარის საკრებულოში, სოფელ კურტლიარში მდებარე 20 000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 247 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.
ადილხან ისკანდაროვის, დურდანა ისკანდაროვას, სალატინ ისკანდაროვას, ტურალ ისკანდაროვის და ტურანა ისკანდაროვას თანასაკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ სადახლოში მდებარე 660 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 170 კვ. მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე“, – ვკითხულობთ მინისტრ დავითაშვილის მიერ ხელმოწერილ ოფიციალურ დოკუმენტში.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ქონების აღნიშნული ნაწილები ექსპროპრიაციას დაექვემდებარება.
ბიზნესპრესნიუსი