მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) ამბობს, რომ ახლო წარსულში ხელისუფლების წარმომადგენელი, უშიშროების სამსახურის თანამშრომელი მის მოწამვლას გეგმავდა და ამ მიზნით მონაზონიც ჰყავდა გადაბირებული რომელსაც ეპარქიიდან ინფორმაციები გაჰქონდა.
მისი მკვლელობის მცდელობებსა და ლიკვიდაციის გეგმის არსებობის შესახებ ეპისკოპოსმა საჯაროდ, საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა. ჯამდელიანის მონათხრობის მიხედვით, უშიშროების სამსახური მის ეპარქიაში მომსახურე მონაზონს ერთი წლის განმავლობაში „ამუშავებდა“ და ეუბნებოდა, რომ ეპისკოპოსისთვის საწამლავი ჩაეყარა ან კონკრეტული საწამლავი მისთვის ხელზე წაესვა.
ეპისკოპოსისვე თქმით, ეს მონაზონი მან 2 თვის წინ ეპარქიიდან გააგდო, ხელისუფლების ის წარმომადგენელი კი, რომელიც მის მოკვლას ცდილობდა, დაცვასთან ერთად გალახეს და რომ ახლა მისგან ყოველნაირი პროვოკაციაა მოსალოდნელი.
რადიო თავისუფლებამ ეპისკოპოსის მონათხრობის შესახებ კითხვით მიმართა როგორც საპატრიარქოს, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს. გვაინტერესებდა არიან თუ არა ინფორმირებული ეპისკოპოსის მიერ სახელმწიფოს მისამართით გაჟღერებული ბრალდებების შესახებ და როგორ აპირებენ რეაგირებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ ინფორმაცია აქვთ, მაგრამ ჯერ არ შეუძლიათ იმის თქმა, როგორი იქნება უწყების პასუხი.
საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა კი გვითხრა, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რაზე ილაპარაკა ეპისკოპოსმა – ჯამდელიანის ქადაგების ვიდეოს გაგზავნის შემდეგ მას ჩვენთვის აღარ უპასუხია.
“პერსონიფიცირებას მე თავს მოვარიდებ. ძალიან სამწუხაროა, რომ პიროვნებები, რომლებიც ჩემთან ერთად ლუკმას იტეხდნენ, ჭამდენ და სვამდნენ, ძმებად მიმაჩნდა… სწორედ ეს ადამიანი დაბარებულ იქნა, წაეყენა ბრალი, იქნა მოსმენილი ეს ყოველივე და მე როგორც ეპარქიის მწყემსა და მსაჯულმა გამოვიტანე განაჩენი, რომ ის არის გამყიდველი, ვითარცა იუდა და გამცემელი, რომელიც ამზადებდა ჩემს მკვლელობას, ჩემს ლიკვიდაციას. ჰყავდა გადაბირებული ერთი წლის განმავლობაში ჩემი მონაზონი, რომელიც ცხოვრობდა რეზიდენციაში, რომელსაც ავალებდნენ…. ეს კაცი არის მაღალჩინოსანი, კონკრეტულად უშიშროების უწყების წარმომადგენელი. მონაზონს გაჰქონდა ყველა ინფორმაცია რეზიდენციიდან, თუმცა კი მე არაფერი დასამალი არ მაქვს. […]
ერთი წლის განმავლობაში ამუშავებდნენ და ეუბნებოდნენ მას, რომ ან უნდა ჩაუყარო საჭმელში საწამლავი, ან მოგცემთ, მოუსვამ ხელზე და ერთ საათში ის აღარ იქნება. ასეთი მოვლენები და ვითარებაა ეპარქიაში. ეს პიროვნება, არ არის დასამალი, გაილახა თავისი დაცვიანად და გაიქცა აქედან, კუდამოძუებული, რა თქმა უნდა, მე ხელი არ დამიკარებია, რადგან მაღალი თმენის ვალდებულება მაქვს, როგორც მღვდელმთავარს და ახლა მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ყველანაირი პროვოკაცია. მე ვფიქრობ, მის უკან დგანან ძალები, ეს პიროვნება არის მთავრობის წევრი, დღევანდელი მოქმედი წევრია მთავრობის. თუ ხელისუფლება, მთავრობა მას არ გაემიჯნება, მაშინ ჩემთვის კიდევ ბევრი რაღაც ცხადი გახდება“, – თქვა მარნეულის ეპისკოპოსმა. ჯამდელიანმა არ გამორიცხა ვითარებაში გასარკვევად სინოდალური სხდომისთვის მიმართვა.
„თუ გამართლებდა, მე დავტოვებ მღვდელმთავრობას, თუ არ გამართლდება, მე უკვე გამოტანილი მაქვს მისთვის განაჩენი“ – თქვა მან.
ეპისკოპოსი გიორგი ცნობილია თავისი ჰომოფობიური და ანტიდასავლური განცხადებებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით და სამოქალაქო სექტორზე ნეგატიური შეხედულებებით.
2024 წლის თებერვალში მედიაში გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ ეპისკოპოსმა უბიწოების აღთქმა დაარღვია და ცოლი მოიყვანა.
2024 წლის დეკემბერში ის გამოეხმაურა რუსთაველზე დემონსტრანტების მიმართ სასტიკ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან და ამ პროცესს “ერის საერთო ტკივილი და ტრაგედია” უწოდა.
2020 წელს ის “ქართულ ოცნებას” ადანაშაულებდა მის მიმართ ცილისმწამებლური კამპანიის აგორებაში აღნიშნავდა, რომ ამის მიზანი მისი ეპარქიიდან ჩამოშორება იყო.
2025 წლის 28 მაისს ქადაგებაში მან მხარი დაუჭირა გაზეთ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს, პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს და თქვა, რომ სასჯელი, რომელსაც ის უკვე იხდის პატიმრობის სახით, შეუსაბამოდ მძიმეა.
ფორუმი
