მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები „კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქების პლატფორმის” საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობენ

მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები, ახალი „კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქების პლატფორმის” პირველ საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობენ. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მარნეულში, ფორუმის პირველ დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და დელეგატებს შორის გაცნობითი შეხვედრა გაიმართა.
„ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა იმირის გადაჭრილი გორა და წერაქვის სამონასტრო კომპლექსი მოინახულეს, იმყოფებოდნენ მარნეულის სასურსათო ქარხანაში, გაეცნენ ადგილობრივი მეწარმეების საქმიანობას და მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ პოტენციალს. სპეციალურად მათთვის გაიმართა მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი.
აღსანიშნავია, რომ მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები 2023 წელს ოფიციალურად შეუერთდნენ ევროპის საფესტივალო ქალაქების პლატფორმას და მისი წევრები გახდნენ. სწორედ ამ თანამშრომლობის საფუძველზე აბრეშუმის გზის კულტურის ჰაბის და ევროპის საფესტივალო ასოციაციის – ევროპის საფესტივალო ქალაქების ფარგლებში, შეიქმნა „კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქების პლატფორმა”, რომელიც ორი მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციას, კულტურული იდენტობის შენარჩუნებას და ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
ფორუმის ორგანიზატორი და მხარდამჭერია მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები, კოორდინირებას კავკასიის საერთაშორისო კულტურული პროგრამების ბიურო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „იუნესკოს კათედრა” უწევს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?