მარკ ცუკერბერგის ქონება ერთ დღეში $28.4 მილიარდით გაიზარდა

ხუთშაბათის მონაცემებით, მარკ ცუკერბერგის ქონება თითქმის 12%-ით, შესაბამისად, $28.4 მილიარდით გაიზარდა და $268.4 მილიარდს მიაღწია. შედეგად, ცუკერბერგმა, რომელიც Meta-ს აქციების 13%-ს ფლობს, მილიარდერთა რეიტინგში Amazon-ის დამფუძნებელს, ჯეფ ბეზოსს გადაასწრო. მართალია, Meta-სთან ერთად Amazon-ის აქციების ღირებულებაც გაიზარდა, თუმცა მხოლოდ 2%-ით. ამან ბეზოსის სიმდიდრეს $4.5 მილიარდი შემატა, რაც ცუკერბერგის ქონების $28.4-მილიარდიან ზრდას მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.
ამერიკული Forbes-ის თანახმად, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი კვლავ ილონ მასკია, $403.5 მილიარდის ქონებით, მეორე ადგილს კი Oracle-ის თავმჯდომარე ლარი ელისონი იკავებს, რომელიც, ბოლო მონაცემებით, $306 მილიარდს ფლობს.
აღსანიშნავია, რომ Meta-ს აქციების ფასისა და ცუკერბერგის ქონების ზრდა კომპანიის მიერ მეორე კვარტალის შემოსავლებისა და მოგების ანგარიშის გამოქვეყნებას მოჰყვა. Meta-მ საანგარიშო პერიოდში $47.5 მილიარდის შემოსავალი და აქციაზე $7.14-ის მოგება მიიღო, რაც, შესაბამისად, 22%-იანი და 38%-იანი წლიური ზრდაა.
ცნობისთვის, აპრილში Meta-ს აქციების ფასის ყველაზე დაბალ ნიშნულზე ჩამოსვლის შემდეგ, ღირებულება 40%-ითაა გაზრდილი. რაც შეეხება აქციების ღირებულების ბოლო, 11%-იან მატებას, ეს კომპანიის მიერ მიმდინარე წელს ერთ დღეში დაფიქსირებული მეორე ყველაზე დიდი ზრდაა. ანალიტიკოსების ნაწილი Meta-ს შედეგებს კომპანიის მხრიდან ს განვითარებისთვის გაზრდილ დაფინანსებებს უკავშირებს.