მარკ რუტე – ნატო-ში გაწევრიანებისკენ მიმავალ შეუქცევად გზაზე უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ

ჩვენ ნატო-ში გაწევრიანებისკენ მიმავალ შეუქცევად გზაზე უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ჰააგაში, ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ს მშვიდობისკენ სწრაფვაში მხარს ვუჭერთ. ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი გზავნილია ის, რომ უკრაინას ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა აქვს, მათ შორის წელს გამოყოფილ 35 მილიონ ევროზე მეტით, რომელსაც კიდევ უფრო მეტი მოჰყვება“, – განაცხადა მარკ რუტემ.
მისი თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე მოკავშირეები უკრაინისთვის რეკორდულად მაღალი ოდენობის დახმარებას გამოყოფენ.
„ცხადია, ჩვენ ყველანი სამშვიდობო შეთანხმების ან ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაზე ვმუშაობთ და შემდეგ უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას აქვს ყველაფერი ის, რაც მას სჭირდება, რომ ვლადიმერ პუტინმა მომავალში ეს აღარ სცადოს“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
ცნობისთვის, ნატო-ს ჰააგის სამიტის დეკლარაციაში მოკავშირეებმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
„მოკავშირეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ სუვერენულ ვალდებულებას, მხარი დაუჭირონ უკრაინას, რომლის უსაფრთხოებაც ჩვენს უსაფრთხოებას ხელს უწყობს და ამ მიზნით, მოკავშირეთა თავდაცვის ხარჯების გაანგარიშებისას უკრაინის თავდაცვისა და მისი თავდაცვის ინდუსტრიისთვის პირდაპირ შენატანებს განახორციელებენ“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.