ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე აშშ-ის პრეზიდენტთან და ევროკავშირის ლიდერებთან გამართული სამიტის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა – ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას განიხილეს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებული უახლესი მოვლენები.
„პრეზიდენტმა ერდოღანმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რუტემ ხაზი გაუსვეს თურქეთის მნიშვნელოვან როლს უკრაინის სამშვიდობო პროცესსა და შავი ზღვის უსაფრთხოებაში. პრეზიდენტი ერდოღანი და ნატო-ს გენერალური მდივანი რუტე შეთანხმდნენ თურქეთის, რომელიც ნატო-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა, წვლილზე სამშვიდობო პროცესში და მჭიდრო კოორდინაციაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა ერდოღანმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რუტემ ასევე გაცვალეს მოსაზრებები ხანგრძლივი და მდგრადი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.




