“ყველანი ვმუშაობთ ამ საშინელი ომის დასასრულებლად, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაზე მსჯელობის ჩათვლით. უკრაინის უსაფრთხოების საფუძველი არის უკრაინისავე შეიარაღებული ძალები, რომელსაც ნატო უკვე აქტიურად უჭერს მხარს, მათ შორის ვისბადენში ჩვენი სამეთაუროს გავლით”, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ 3 სექტემბერს, ბრიუსელში, ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისთან ერთად გამართლ პრესკონფერენციაზე.
“ჩვენი მიმდინარე მხარდაჭერა უკრაინისთვის კვლავაც გადამწყვეტია – იმის უზრუნველსაყოფად, რაც მათ დღეს სჭირდებათ თავის დასაცავად და იმისთვის, რომ, როცა ამ საშინელი ომის დასასრული დადგება, დაცული იყოს მშვიდობა”, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
მარკ რიუტემ მკაფიოდ განაცხადა, რომ ალიანსისთვის უმთავრეს საფრთხედ რუსეთი რჩება:
“ვიცით და ვთანხმდებით, რომ რუსეთი რჩება უმნიშვნელოვანეს პირდაპირ საფრთხედ ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის.
ამიტომ, უნდა შევინარჩუნოთ სიფხიზლე, მეტი ინვესტიცია ჩავდოთ თავდაცვაში, გავაფართოოთ თავდაცვის ინდუსტრიის წარმადობა ატლანტის ორივე მხარეს და გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა.
ივლისში ვაშინგტონში პრეზიდენტმა ტრამპმა და მე გამოვაცხადეთ ნატოს ახალი ინიციატივა უკრაინისთვის სასწრაფო მხარდაჭერის აღმოჩენაზე.
და სულ რაღაც კვირებში, ამ მექანიზმმა თავი მოუყარა ორი მილიარდი დოლარის ღირებულების სასწრაფო საჭიროების დახმარებას უკრაინისთვის – საბრძოლო მასალით დაწყებული მოწინავე საჰაერო დაცვის ჩათვლით, აშშ-დან უკრაინისკენ, მოკავშირეების მიერ გადახდილი”.
ნატოს გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა მოკავშირეს უკრაინის მხარდასაჭერ ინიციატივებში წვლილის შეტანისკენ.
მარკ რიუტე განსაკუთრებით უსვამს ხაზს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შექმნის მნიშვნელობას:
“უკრაინის ძალების მხარდაჭერის გარდა, აშშ და ბევრი სხვა მუშაობენ უსაფრთხოების გარანტიების შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფს, რომ, როცა იქნება მშვიდობა, რუსეთმა აღარასდროს სცადოს უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევა.
…როცა ლაპარაკია უსაფრთხოების გარანტიებზე, დიდი გარღვევა მოხდა სწორედ სამი კვირის წინ, როცა ალიასკის შეხვედრისთვის მოსამზადებლად ევროპის ლიდერებთან, ურზულა ფონ დერ ლაიენთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან და სხვებთან, სატელეფონო საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას სურს მონაწილეობა უსაფრთხოების გარანტიების შექმნაში”.
ნატოს გენერალური მდივანი მოელის, რომ ხვალიდან მკაფიო იქნება რისი გაკეთება შეუძლია ალიანსს კოლექტიურად:
“თუკი ორმხრივი ან სამმხრივი შეხვედრა დაიწყება რუსებთან, განსაკუთრებით ზელენსკისა და პუტინს შორის, უსაფრთხოების გარანტიებზე მკაფიოობა უკიდურესად მნიშვნელოვანია”.
4 სექტემბერს პარიზში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების, ასევე ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელების მონაწილეობით გაიმართება შეხვედრა, რომელზეც უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები განიხილება.
საფრანგეთში ორმხრივი შეხვედრების გამართვას გეგმავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც დღეს დანიაში ჩავიდა. 3 სექტემბერს ზელენსკიმ, უკრაინაზე რუსეთის მორიგი თავდასხმების ფონზე, სოციალურ ქსელში დაწერა:
“პუტინი აჩვენებს დაუსჯელობას. ეს უეჭველად მოითხოვს პასუხს მსოფლიოსგან. ეს აგრესია მხოლოდ რუსეთის ომის ეკონომიკაზე ეფექტიანი ზეწოლის არარსებობის გამო გრძელდება.
მომდევნო დღეებში პარნტიორებთან ვიმსჯელებთ ძლიერი ზეწოლის საჭიროებაზე. სულ რაღაც საათებში – დანიაში, უკრაინის, ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების სამიტზე. ვამზადებთ მნიშვნელოვან გაძლიერებას უკრაინისთვის. ამ საღამოს გავმართავთ ორმხრივ შეხვედრებს საფრანგეთში, ჩვენი ძალისხმევის კოორდინაციისთვის. ვამზადებთ აგრეთვე “მსურველთა კოალიციის” ფორმატსა და ახალ ნაბიჯებს ევროკავშირთან და აშშ-თან. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება. რუსეთის თითოეულ თავდასხმას რეალური პასუხი უნდა გაეცეს”.
ფორუმი
