ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ 32 წევრ ქვეყანას მოუწოდა, მეტი თანხები, აღჭურვილობა და პოლიტიკური ენერგია გამოუყონ მსოფლიოში უდიდეს სამხედრო ალიანსს მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებს აღარ სურს ევროპაში უსაფრთხოების წამყვანი როლის შესრულება.
„2025 წელს ჩვენ მნიშვნელოვნად უნდა გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ნატო დარჩეს სამხედრო უპირატესობის მთავარ წყაროდ ჩვენი ყველა ქვეყნისათვის. ჩვენი თავისუფლება და კეთილდღეობა ამაზეა დამოკიდებული“, – წერს რიუტე თავის ყოველწლიურ ანგარიშში.
Associated Press-ის თანახმად, რიუტეს ანგარიში ნატოს ვებსაიტზე თანმხლები აქტივობების გარეშე გამოქვეყნდა. წინა წლებში გენერალური მდივნები თავიანთ ყოველწლიურ ანგარიშებს პრესკონფერენციებითა და პრესრელიზებით ავრცელებდნენ ხოლმე. ნატომ არ უპასუხა სააგენტოს შეკითხვას, რატომ შეიცვალა მიდგომა.
„ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში “კვანტური ნახტომი” უნდა განახორციელონ. ამისთვის აუცილებელია მნიშვნელოვანი ინვესტიციები“, — განაცხადა რიუტემ.
ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს აშშ ნატოს საერთო თავდაცვის ხარჯების დაახლოებით 64%-ს უზრუნველყოფდა, ხოლო ევროპული ქვეყნები და კანადა — 36%-ს.
2023 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წელს, ნატოს წევრები შეთანხმდნენ, რომ ყოველი მათგანი მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 2%-ს დახარჯავდა თავდაცვაზე. ახლა ეს ზღვარი შეიძლება 3%-მდე გაიზარდოს, მიუხედავად იმისა, რომ შარშან 2%-იან მიზანს ნატოს წევრი 32 ქვეყნიდან მხოლოდ 22-მა მიაღწია.
