აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ საუდის არაბეთში ჩანიშნული უკრაინის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ ილაპარაკა.
“ყველაზე მთავარი რაც ამ შეხვედრიდან უნდა მივიღოთ, არის ის, რომ უკრაინა მზად უნდა იყოს რთული ნაბიჯების გადასადგმელად, ისევე, როგორც რუსეთს მოუწევს რთული ნაბიჯების გადადგმა, რათა ეს კონფლიქტი დასრულდეს, ან დროებით შეწყდეს”. – თქვა რუბიომ.
რუბიომ პოტენციური შეთანხმების გეგმის დეტალები არ გაამხილა, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დათმობებზე ორივე მხარე უნდა წავიდეს.
“ვფიქრობ, ორივე მხარემ უნდა გაიაზროს, რომ ამ სიტუაციის სამხედრო გადაჭრის გზა არ არსებობს. რუსეთი ვერ დაიპყრობს მთელს უკრაინას და ცხადია, უკრაინას ძალიან გაუჭირდება გონივრულ ვადებში რუსები დააბრუნოს 2014 წლის საზღვარზე”.
სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე უკრაინა დიდი ალბათობით სამხედრო დახმარების აღდგენაზე ილაპარაკებს. რუბიოს თქმით, აშშ-ს პოზიცია შესაძლოა ამ საკითხზე შეიცვალოს და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სერიოზულად არის განწყობილი უკრაინა გადადგას ნაბიჯები მშვიდობისკენ.
“შემიძლია ერთ რამეში დაგარწმუნოთ, რომ რუსეთს სამხედრო დახმარებას არ გავუწევთ”. – აღნიშნა რუბიომ.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საუდის არაბეთში მიემგზავრება, სადაც 11 მარტს უკრაინის წარმომადგენლებთან შეხვედრაა დაგეგმილი.