პუტინს არ შეუძლია მთელი უკრაინის აღება, უკრაინას კი არ შეუძლია რუსების იმ მდგომარეობამდე დაბრუნება, სადაც ისინი 2014 წელს იყვნენ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი სამხედრო გზით ვერ გადაწყდება.
„ეს ჩვენი ომი არ არის. ეს არის ომი, რომელიც ჯო ბაიდენის დროს დაიწყო. ის სამი წლის განმავლობაში გრძელდება. მათ არანაირი ძალისხმევა არ გაუწევიათ მის დასასრულებლად. ეს არის ომი, რომელსაც სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს: არსებითად, პუტინს არ შეუძლია მთელი უკრაინის აღება; უკრაინას არ შეუძლია რუსების იმ მდგომარეობამდე დაბრუნება, სადაც ისინი 2014 წელს იყვნენ“, – აღნიშნა რუბიომ.
მისი მტკიცებით, ერთადერთი ლიდერი მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია კონფლიქტის ორივე მხარესთან საუბარი პრეზიდენტი დონალდ ტრამპია.
„ერთადერთი ლიდერი, რომელსაც შეუძლია ორივე მხარესთან საუბარი და, იმედია, მათ შეთანხმებამდე მიყვანა, ეს არის პრეზიდენტი ტრამპი. და სწორედ ამის გაკეთებას ცდილობდა ის. ასი დღის განმავლობაში ის ცდილობდა მშვიდობის დამყარებას, მკვლელობების, სიკვდილიანობის, ნგრევის დასრულებას. თქვენ იცით, რომ უკრაინის – ამ ქვეყნის აღდგენა ასობით მილიარდი დოლარი დაჯდება“, – აღნიშნა რუბიომ.
