ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ორშაბათს საუდის არაბეთის დედაქალაქში ჩავიდა. მოგვიანებით რიადში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთში დესპანი სტივ უიტკოფი ჩავლენ და სახელმწიფო მდივანთან ერთად რუსულ დელეგაციასთან მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას.
რუსეთმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, სამშაბათს ამერიკელ ოფიციალურ პირებთან, მათ შორის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან მოლაპარაკებებს გამართავს, რომლის თემაც უკრაინაში ომის დასრულება და რუსეთ-ამერიკის კავშირების „მთელი კომპლექსის“ აღდგენა იქნება. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტ პუტინის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, იური უშაკოვიც.
მოლაპარაკებები, მაღალი რანგის ოფიციალური პირების წლების განმავლობაში პირველი პირისპირ შეხვედრა იქნება, რაც ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამდე მოხდება.
პესკოვმა უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინა “როიტერის“ ცნობაზე, რომ შესაძლო იყო საუდის არაბეთში გამგზავრებულიყო კირილ დმიტრიევიც, რუსეთის სუვერენული კეთილდღეობის ფონდის ხელმძღვანელი.
პესკოვმა ასევე უარი თქვა კომენტარზე, როდესაც ჰკითხეს, ვლადიმირ პუტინისა და ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესაძლო შეხვედრის თაობაზე, რომელიც ამ ცნობების თანახმად, თვის ბოლოს, ასევე საუდის არაბეთში უნდა გაიმართოს.
შეერთებული შტატების მთავარმა დიპლომატმა მარკო რუბიომ, რომელიც თავის რუს კოლეგა სერგეი ლავროვს შაბათს ტელეფონით ესაუბრა, კვირას თქვა, რომ შესაძლოა მომავალმა კვირებმა და დღეებმა გადაწყვიტოს, პუტინს ნამდვილად სურს თუ არა მშვიდობა.
ლავროვმა თქვა, რომ არ იქნება საუბარი ტერიტორიულ დათმობებზე უკრაინისთვის, რომლის დაახლოებით 20 პროცენტსაც ამჟამად რუსული ძალები აკონტროლებს.
„ტერიტორიული დათმობები მისთვის, რასაც ახლა უკრაინა ჰქვია, საბჭოთა ხელმძღვანელობამ საბჭოთა კავშირის ჩამოყალიბების დროს გააკეთა“, – თქვა ლავროვმა სანამ გააკრიტიკებდა უკრაინის წინადადებას შეერთებული შტატებისთვის მინერალებზე წვდომა მიეცა.
„როგორ უნდა დავუთმოთ – რუს ხალხთან ან იშვიათ წიაღისეულ ლითონებთან ერთად?“ – თქვა ლავროვმა.
კრემლში წყაროებზე დაყრდნობით, ორშაბათს მედია წერდა, რომ ვლადიმირ პუტინი შეთანხმების საკითხს სერიოზულად ეკიდება, მაგრამ არა – ნებისმიერ ფასად.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, ევროკავშირის ლიდერთა უმეტესობა და უკრაინა რუსეთის ომს უკრაინაში მიწის მიტაცებად მიიჩნევდა. კიევი და ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერი ამბობს, რომ თუ პუტინი გაიმარჯვებს, შეიძლება მან ნატოზე თავდასხმაც სცადოს.
ლავროვმა თქვა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ევროპის როლი ვერ დაინახა: „თუ ისინი რამე ეშმაკურ იდეას გამოიტანენ ასეთი კონფლიქტის გასაყინად და თვითონ… ომის გაგრძელებაზე იფიქრებენ, მაშინ ისინი რატომ უნდა მოვიწვიოთ?“
პარიზში კი ევროპელი ლიდერები ცეცხლის შეწყვეტის საქმეში ევროპის როლზე მსჯელობენ. ბრიტანეთის პრემიერმა კირ სტარმერმა თქვა, რომ მზად არის უკრაინაში მშვიდობისმყოფელი ძალები განალაგოს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ამ რეგიონში იმყოფება. ის კვირას გაერთიანებულ არაბულ საამიროებში ჩავიდა და თქვა, რომ საუდის არაბეთში და თურქეთში ვიზიტებსაც გეგმავს, თუმცა თარიღები ჯერ არ ჩანიშნულა. მან თქვა, რომ არ გეგმავს რუს ან ამერიკელ ოფიციალურ პირებს შეხვდეს და როგორც მიიჩნევა, საუდის მასპინძლობით ჩატარებულ მოლაპარაკებებზე უკრაინა მიწვეული არ არის.
