ჩემი აზრით, ისინი [უკრაინა და რუსეთი] ზოგადად იმაზე უფრო ახლოს არიან [შეთანხმების მიღწევასთან], ვიდრე ეს ბოლო სამი წლის განმავლობაში იყო, მაგრამ აქამდე ჯერ კიდევ არ მივსულვართ და როგორც ნათქვამი მაქვს, მას [ტრამპს] აქვს ნათქვამი და სხვებმაც თქვეს, მან არაჩვეულებრივი საქმე გააკეთა. ჩვენი მთავრობის უმაღლეს დონეზე პრეზიდენტმა ყველა დაასაქმა, ვისი წარმოდგენაც შეგიძლიათ: ელჩი უიტკოფი, ჩემი თავი, მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ვიცეპრეზიდენტი, ჩართულები ვართ ამ ძალისხმევაში, რომ ორი მხარე უფრო დავაახლოოთ, რათა მშვიდობისკენ გზა გვქონდეს.
სხვათა შორის, ამის აღნიშვნა უნდა ხდებოდეს. ის [ტრამპი] 3-წლიანი ომის დამთავრებას ცდილობს, რომელიც სამხედრო გზით ვერ გადაიჭრება, სადაც ყოველდღე ხალხი იღუპება, განსაკუთრებით, უკრაინის მხარეს, ბევრ შემთხვევაში, სამოქალაქო პირები და ბავშვები, როგორც ეს ბოლო კვირებში სურათებიდან დავინახეთ. ის ამ ომის დამთავრებას ცდილობს და რეალური პროგრესიც გვქონდა, მაგრამ ეს ბოლო ნაბიჯები ამ გზაზე ყოველთვის ყველაზე რთული იქნება. ეს მალე უნდა მოხდეს. ჩვენ ვერ გავაგრძელებთ, როგორც ვთქვი, ამ ძალისხმევისთვის დროისა და რესურსების დათმობას, თუკი ეს ნაყოფს ვერ გამოიღებს.
ასე რომ, ბოლო კვირა რეალურად იყო იმის გასარკვევად, თუ სინამდვილეში რამდენად ახლოს არიან ეს მხარეები და არიან თუ არა ისინი საკმარისად ახლოს იმისთვის, რომ ეს იმსახურებდეს ჩვენი მხრიდან, როგორც შუამავლებად, კვლავ დროის დათმობას.
ჩემი აზრით, ეს კვირა ძალიან გადამწყვეტი იქნება. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი კვირა, როდესაც ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, გვსურს თუ არა, ვიყოთ ამ ძალისხმევაში ჩართულები, თუ – დროა, რომ სხვა საკითხებზე გადავიტანოთ ყურადღება, რომელიც არანაკლებ ან, ზოგიერთ შემთხვევაში, უფრო მეტად მნიშვნელოვანია.
ჩემი აზრით, რასაც პრეზიდენტი უკვე დიდი ხანია ამბობს არის ის, რომ მას ესმის, რომ ეს ვარიანტები [სანქციების დაწესების] აქვს, ხალხი ამის შესახებ სულ კითხვებს უსვამს მას, მაგრამ რაც მას რეალურად სურს, სამშვიდობო შეთანხმებაა.
[…] საბოლოოდ, თუ ეს ვერ მოხდება, თუ ნაყოფს ვერ გამოიღებს, როგორც ერ-სახელმწიფოს, ჩვენ ვარიანტები გვაქვს მათთვის, ვინც პასუხისმგებელია მშვიდობის არ მიღწევაზე, მაგრამ გვირჩევნია, რომ ამ ეტაპამდე არ მივიდეთ, რადგან გვგონია, რომ ეს დიპლომატიის კარს ხურავს.