აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო საქართველოს შესახებ ჯო უილსონის მიერ დასმულ შეკითხვას პასუხობს.
რუბიო აშშ-ის კონკგრესის ქვედა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე გამოდიოდა.
თავის შეკითხვაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა „ანტი-ამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი“ მოიხსენია და თქვა, რომ ისინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის ინტერესს ატარებენ.
„200 დღეა, თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხი ყოველდღე გამოდის ქუჩაში, უჭირავთ ამერიკის დროშები, თან ატარებენ პრეზიდენტ ტრამპის ფოტოებს. თქვენი ხელმძღვანელობით, რა იქნება გაკეთებული, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ნამდვილი ფასი გადაახდევინოს ანტი-ამერიკულ „ქართულ ოცნებას“?
მარკო რუბიოს პასუხი შემდეგი იყო:
„როგორც უკვე ვთქვი, სახელმწიფო დეპარტამენტის მიზანი ჩვენი ეროვნული ინტერესების გატარებაა. ამიტომ, ჩვენ დავაკვირდებით მას და ვიტყვით, არის თუ არა ჩვენი ეროვნული ინტერესი, ანტი-ამერიკული მთავრობა იყოს მმართველი მსოფლიოს ამ მნიშვნელოვან ნაწილში. და თუ არა, ჩვენ გადავდგამთ სათანადო ნაბიჯებს, რათა ამ მთავრობას ფასი გადავახდევინოთ.
ეს საკითხი ახლა განხილვის პროცესშია. ჩვენ განვიხილავთ ვარიანტებს. დღეს არ შემიძლია იმის თქმა, თუ რას ვგეგმავთ კონკრეტულად, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც განიხილება. ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რატომ ვაპირებთ მივმართოთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ადგილობრივ ოფისს, რათა მივაწოდოთ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ რა არის ის ზომები, რომელსაც ანტი-ამერიკული მთავრობა დაექვემდებარება“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯო უილსონის შეკითხვის საპასუხოდ.
13 მაისს „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვანსს ღია წერილით მიმართა.
წერილში ის ავითარებს პროპაგანდისტულ ნარატივებს და კვლავ საუბრობს Deep State-ზე, „რევოლუციურ სცენარზე“ და აკრიტიკებს იმას, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებები კვლავ ძალაშია.
კობახიძე აცხადებს, რომ „გასაკვირია“, რატომ არ ასწორებს დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის „დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს“ – მისი თქმით, გაკვირვებას იწვევს აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის „დუმილი“ იმის გათვალისწინებით, რომ ისინი „ღიად არადემოკრატიულ და ავტორიტარულ სახელმწიფოსთანაც“ აწარმოებენ დიალოგს.
კობახიძის ამ წერილზე აშშ-ის მხრიდან პასუხი ან კომენტარი არ გაკეთებულა.
დღეს, 21 მაისს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამ წერილზე დუმილიც მნიშვნელოვანი პასუხია. ჟურნალისტის შეკითხვაზე, როგორ აფასებენ დუმილს, კობახიძე ამბობს, რომ ამას თავად შეაფასებენ.