მარკო რუბიო დონალდ ტრამპისა და სი ძინ პინის შეხვედრაზე: დარწმუნებული ვარ, ეს მოხდება… ვფიქრობ, ახლოვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ ის შეხვდა. შეხვედრა მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურში შედგა. შეხვედრის შემდეგ -ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საუბარი „კონსტრუქციული და პრაგმატული“ იყო:
„ისინი შეთანხმდნენ, რომ გამონახავენ პოტენციური თანამშრომლობის სფეროებს, პარალელურად კი შეეცდებიან განსხვავებების მართვას. სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა ორმხრივი საკითხების სპექტრზე დისკუსიის გაგრძელების საჭიროებას. სახელმწიფო მდივანმა აგრეთვე წამოჭრა რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის სხვა საკითხები“.
ამ ოფიციალური განცხადების მიღმა, თავად მარკო რუბიომ ჩინელ კოლეგასთან შეხვედრის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრა „პროდუქტიულად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ „მნიშვნელოვანია, აშშ-სა და ჩინეთს ჰქონდეთ პროდუქტიული შეხვედრები და რეგულარული ჩართულობა და კომუნიკაცია“.
რუბიოს თანახმად, პრეზიდენტი ტრამპი მიწვეულია ჩინეთში:
„ეს არის ვიზიტი, რომლის განხორციელებაც მას [ტრამპს] უნდა და ვიმუშავებთ შესაბამისი თარიღის დადგენაზე. თუმცა, დარწმუნებული ვარ ეს მოხდება, რადგან ორივე პრეზიდენტს სურს, რომ ეს [ვიზიტი] შედგეს“.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჟურნალისტებს აგრეთვე განუცხადა, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის მუდამ იქნება უთანხმოების გამომწვევი საკითხები, თუმცა მნიშვნელოვანია, ორ დიდ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის შენარჩუნება. რუბიომ ილაპარაკა სა და სი ძინ პინის ურთიერთობაზე:
„პრეზიდენტს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს პრეზიდენტ სისთან. ეს სათავეს იღებს მისი პრეზიდენტობის პირველი ვადიდან. ცხადია, არის რაღაც საკითხები, რომლებზე მუშაობაც მოგვიწევს და ეს მოსალოდნელიცაა ჩვენი სიდიდის, მასშტაბისა და ორი გლობალური მოთამაშის – აშშ-ისა და ჩინეთის მსოფლიო გავლენის გათვალისწინებით
…პრეზიდენტს აქვს ძალიან პოზიტიური სამუშაო ურთიერთობა პრეზიდენტ სისთან და ცხადია, ჩემი ურთიერთობა საგარეო საქმეთა მინისტრთან იმავეს უნდა ასახავდეს“.
მარკო რუბიომ კუალა ლუმპურში 11 ივლისს გამართულ ბრიფინგზე არაერთხელ გაუსვა ხაზი დონალდ ტრამპისა და სი ძინ პინის შეხვედრის მაღალ ალბათობას:
„დიახ, მაღალი ალბათობაა. ვფიქრობ, ორივე მხარეს სურს, რომ ის შედგეს. ცხადია, უნდა შევქმნათ შესაბამისი ატმოსფერო და შესაბამისი შედეგები, რომ ეს არ იყოს ვიზიტი ვიზიტისთვის, არამედ ნამდვილად ჰქონდეს კონკრეტული შედეგები. ორივე მხარეს დიდი სურვილი აქვს. პრეზიდენტს სურს ამის გაკეთება. ჩინეთის მხარეს სურს, რომ ეს მოხდეს. პრეზიდენტმა სიმ ეს საჯაროდ განაცხადა. ასე რომ, შანსები მაღალია. ზუსტი თარიღის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ვფიქრობ, ახლოვდება“.
ფორუმი