ევროპაში ჯერ კიდევ არიან ქვეყნები, რომლებიცა რუსულ პროდუქციას, მათ შორის რუსულ ნავთობს ყიდულობენ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, სანქციები ევროპამაც უნდა დააწესოს.
„ვიცით, რა ტიპის სანქციების გამოყენების შესაძლებლობა გვაქვს და გარკვეულ ეტაპზე პრეზიდენტმა შეიძლება მათი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს. ეს მის მიერ მისაღები გადაწყვეტილება იქნება“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „ვადებს ხელოვნურად არ დაასახელებს“.
„მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ევროპამაც იგივე გააკეთოს. ევროპაში ჯერ კიდევ არიან ქვეყნები, რომლებიც რუსულ პროდუქციას, მათ შორის რუსულ ნავთობს ყიდულობენ. პრეზიდენტმა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მოუწოდა, რომ თავად დააწესონ ის სანქციები, რომელთა დაწესებასაც ჩვენგან ითხოვენ“, – აღნიშნა რუბიომ.
შეგახსენებთ, 13 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „მზად არის რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები დააწესოს, თუ ნატო-ს ყველა წევრი სახელმწიფო რუსეთიდან ნავთობის ყიდვას შეწყვეტს“.
