მარკო რუბიო – აშშ-ის სარაკეტო დარტყმების შემდეგ, ირანი ბირთვული იარაღის შექმნისგან გაცილებით შორს არის

აშშ-ის სარაკეტო დარტყმების შემდეგ ირანი ბირთვული იარაღის შექმნისგან გაცილებით შორს არის, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ Politico-ს განუცხადა.
„დღეს ისინი გაცილებით შორს არიან ბირთვული იარაღისგან, ვიდრე პრეზიდენტის მიერ ამ ძლიერი ქმედების განხორციელებამდე იყვნენ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გავიგოთ. სხვადასხვა კომპონენტებს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა და ამის შესახებ კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებთ“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
მისი თქმით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის დარტყმების შედეგად ირანის ბირთვული ობიექტები არ განადგურებულა, სიცრუეს წარმოადგენს.
„ასეთი ამბების შესახებ კომენტარის გაკეთება არ მიყვარს. ეს ამბავი სიცრუეა და მისი ხელახლა გაშუქება არ უნდა მოხდეს, რადგან ეს იმას არ ასახავს, რაც ხდება“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ცნობისთვის, მანამდე, რამდენიმე მედია საშუალებამ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის დაზვერვის წინასწარი შეფასებით, გასულ შაბათ-კვირას ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე აშშ-ის დარტყმებს ქვეყნის ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები არ გაუნადგურებია და მხოლოდ რამდენიმე თვით დახია უკან.