ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს საქართველოსთან დაკავშირებით სწრაფად მოქმედებისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ განცხადებას ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი ავრცელებს.
„დღეს, ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც იგი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, რომ სწრაფი რეაგირება მოახდინონ და სწრაფად იმოქმედონ იმ სიტუაციასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში დემოკრატიისთვის სულ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი რუსული იმპერიალიზმის მხარდაჭერით მშვიდობიანი დემონსტრაციების სასტიკ ჩახშობას გმობს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ნებისმიერი სახის ძალადობის შეწყვეტის მოწოდებით გამოდის.
„რადგან საქართველოში ვითარება ყოველდღე უარესდება, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ევროკავშირის ქვეყნებმა ერთობლივად და დაუყოვნებლივ დააწესონ სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც არჩევნების გაყალბებით ძალაუფლება ხელში უკანონოდ ჩაიგდო. საკონსტიტუციო კრიზისის დასასრულებლად და დემოკრატიის აღსადგენად საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება აუცილებელია“, – აღნიშნულია ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადებაში.
ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ქართველი ხალხისა და სალომე ზურაბიშვილის, როგორც ერთადერთი დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ, რომელიც საქართველოში დემოკრატიას იცავს, მხარდაჭერას გამოხატავს.