ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს და აფასებს ევროსაბჭოს 29 იანვარს მიღებულ რეზოლუციას, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, 2025 წლის აპრილამდე გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გამოაცხადოს ახალი საპარლამენტო არჩევნები.
ევროპარლამენტარი თვლის რომ ეს მნიშვნელოვანი რეზოლუცია იყო, თუმცა ის საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალადობის ჩამდენი პირებისა და ქვეყნისთვის ევროპული მომავლის წამრთმევი პირებისთვის უფრო მკაცრი ზომებისა და შეთანხმებული სანქციების მომხრეა და რეზოლუციას “სუსტ პოლიტიკურ გზავნილად” აფასებს.
გრეგოროვა ამავე ინტერვიუში საუბრობს საქართველოში პოლიტპატიმრებზე. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობაზე, რომელიც დაკავებიდან ამ დრომდე, 22 დღეა შიმშილობს, ევროპარლამენტარი ამბობს რომ უმნიშვნელოვანესია ვიოდეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და სახელმწიფო უზურნველყოფდეს მის კეთილდღეობას.
“ეს [მზია ამაღლობელის საქმე] მიუთითებს იმაზე, რომ ახლა “ქართულ ოცნებას” ევროპული მომავალი, რომელზეც არჩევნებამდე პრეტენზია ჰქონდათ, არ აქვს. ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია ვიცოდეთ მისი [მზია ამაღლობელის] მდგომარეობის შესახებ ინფრომაცია და უნდა უზრუნველყონ მისი კეთილდღეობა…
იმ შემთხვევაშიც კი, თუ გყავს პოლიტპატიმრები, ძირითადი წესებია, უზრუნველყო ისინი საჭირო სამედიცინო მკურნალობით, ჯანდაცვითა და ყველაფრით. თუ „ქართული ოცნება“ ამას ვერ ახერხებს, ის პოზიციონირებს ბელარუსისა და რუსეთის გვერდით. ეს არის საკმაოდ მკაფიო შეფასება და ძალიან, ძალიან შემაშფოთებელი რამ” – ამბობს ევროპარლამენტარი.
ის საქართველოს ხელისუფლების გარდა აკრიტიკებს ევროკავშირსაც, რომელმაც მისი შეფასებით, სათანადოდ არ გამოიყენა მის ხელთ არსებული ბერკეტები საქართველოში “ქართული ოცნების” მხრიდან ხელისუფლების მიტაცების შესაჩერებლად.