“არავითარი ფილმები და კომიქსები – ქალაქში ნამდვილი სუპერგმირები გამოჩნდნენ. თუმცა, უფრო სწორი იქნება, თუკი ვიტყვით, რომ ისინი დიდი ხანია, ჩვენ შორის ცხოვრობენ, შეიძლება ვიცნობთ კიდეც. მეტიც, შეიძლება თქვენ, ვინც ახლა ამას კითხულობთ, თავად აღმოჩნდეთ სუპერგმირი! თუკი, ოდესმე გიოცნებიათ სუპერგმირობაზე, სუპერძალაზე, რომლითაც სხვას დაეხმარებით, შეგიძლიათ მარტივად გახდეთ ბავშვისთვის ის ადამიანი, ვინც მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა და თავისი სუპერძალა სიკეთეს მოახმარა”.
2020 წლის პირველ ივნისს, მარიტა გენებაშვილმა და ლეკო შათირიშვილმა ციფრული საქველმოქმედო პლატფორმა, სუპერგმირი – www.supergmiri.ge შექმნეს. დღეისთვის პლატფორმაზე 2 100 000 ლარზე მეტი შეგროვდა და ყოველთვიურად 500-ზე მეტი ბავშვთან მიდის ამანათი.
News.ge დაინტერესდა supergmiri.ge-ს მიღწევებით და პლატფორმის დამფუძნებელს, მარიტა გენებაშვილს დაუკავშირდა.
მარიტა, თქვენს მიერ დაარსებული საქველმოქმედო პლატფორმის შესახებ ბევრი დაიწერა, ხართ წარმატებულები, ორჯერ ზედიზედ “სუპერგმირის” პროექტმა გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის კორპორაციული პასუხისმგებლობის კონკურსში გაიმარჯვა და მაინც, დავიწყოთ თავიდან. აქვე გეტყვით, რომ სახელწოდება მომხიბვლელია – სუპერგმირი! რატომ გადაწყვიტეთ შეგექმნათ საქველმოქმედო პლატფორმა?
მარიტა გენებაშვილი – პლატფორმის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ერთ დღესაც ჩვენი დაძაბული ყოველდღიურობიდან (სამსახურები, სტარტაპები, ბავშვები) გამოვიხედეთ და თვალი გავუსწორეთ რეალობას, რომ ჩვენს გარშემო, ჩვენს მეზობლად, ჩვენს პატარა ქვეყანაში ათობით ათასი ბავშვი შიმშილის ზღვარზე ცხოვრობს. ადამიანები ხშირად ვბლოკავთ ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებს, რადგან იმდენი რამ ხდება მსოფლიოში, შეუძლებელია ყველაფერი გულთან ახლოს მიიტანო, მაგრამ არის მომენტები და ისტორიები, რომელსაც ვერ უგულებელყოფ, ვერ გადადებ გვერდზე და თავს ვალდებულად თვლი იმოქმედო. ასეთი რამდენიმე ისტორია სრულიად შემთხვევით მოვიდა ჩვენამდე და მე და ლეკომ ერთად დავიწყეთ ფიქრი, თუ რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ისეთი, რასაც ერთჯერად ჩართულობაზე მეტი გავლენა ექნებოდა და მივედით სუპერგმირის კონცეფციამდე – ყოველთვიური, პირდაპირი დონაცია სიღარიბეში მცხოვრები ბავშვებისთვის. სრულიად გამჭვირვალე პლატფორმა, სადაც თითოეული ლარი იხარჯება ბენეფიციარის საჭიროებისთვის. პლატფორმის მიზანი იყო და არის ადამიანების გაერთიანება ერთი დიდი მისიის გარშემო – შევუქმნათ ბავშვებს უკეთესი მომავალი – სახელი სუპერგმირიც ბუნებრივად მოყვა იდეას.
თუ არ მეშლება, პლატფორმაზე 250-ზე მეტი ქალი სუპერგმირი გყავთ. პლატფორმის ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ: შეუერთდი სუპერქალების არმიას www.supergmiri.ge, რამდენად მზარდია ქალების ინტერესი და რა არის ქალი სუპერგმირის მთავარი ამოცანა?
მარიტა გენებაშვილი – ქალების როლი ზოგადად საჭიროებს მეტ საუბარსა და დაფასებას. ეს განსაკუთრებით დავინახეთ ამ ბოლო 5 წელიწადში. საერთაშორისო სტატისტიკასაც რომ შეხედოთ ამერიკასა და კანადაში დონორების 67% ქალია. ჩვენს პლატფორმაზეც აქტიური დონორების თითქმის 70% ქალია. ამასთან ერთად, რომ გაესაუბროთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ნახავთ მართლაც რამხელა გმირობა სჭირდებათ დედებს, იმ რეალობასთან გასამკლავებლად, რაშიც ცხოვრობენ. ძალიან ხშირად ქალები მარტო უძღვებიან მრავალშვილიან ოჯახებს, არაადამიანურ პირობებში მუშაობენ, რომ შვილები შიმშილს გადაარჩინონ. ჩვენი სუპერგმირი ქალები ჩვენი ბენეფიციარების სუპერგმირ დედებს უმსუბუქებენ ყოველთვიურ ტვირთს.
მარიტა, გვიამბეთ supergmiri.ge-ს მეგობრების შესახებ. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ამა თუ იმ კომპანიასთან თანამშრომლობა და კონკრეტულად რა შედეგი მოგიტანათ მათთან ურთიერთობამ?
მარიტა გენებაშვილი – როგორც ზემოთ ვახსენე ინდივიდუალური დონაცია სუპერგმირებისგან სრულად ხმარდება ბავშვებთან გასაგზავნ ამანათებს. პლატფორმა ამ სერვისში საკომისიოს არ იღებს. თუმცა სინამდვილეში ძალიან დიდი შრომა იდება ჩვენი გუნდის წევრებისგან ყოველთვიურად. 500 ბავშვის სურვილებისა და საჭიროებების მუდმივი მონიტორინგი, ამანათების ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით დაკომპლექტება, საგანმანათლებლო სერვისების მოძიება მათთან მოლაპარაკება და ოჯახების ჩართვა. მეორეს მხრივ პლატფორმის განვითარებაზე, ახალ ინიციატივებზე ზრუნვა. მეტი ადამიანის დაინტერესება, რომ ჩაერთოს ქველმოქმედებაში, შესაბამისად საკომუნიკაციო და მარკეტინგული აქტივობები – რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ხარჯებთან არის დაკავშირებული და სწორედ ამ ხარჯების დაფარვაში გვეხმარებიან პარტნიორი კომპანიები. მაგალითად ველი სთორი უზრუნველყოფს ჩვენი შეკვეთების დაკომპლექტებასა და მიტანას მთელი საქართველოს მასშტაბით. Qwerty გვიწევს ვებ-დეველოპმენტის მომსახურებას. სიმეტრიამ დაასპონსორა ჩვენი სულ ახალი პროექტი supertrivia.ge და ა.შ. კომპანიებთან კოლაბორაციით მეტ ადამიანამდე მიგვაქვს ჩვენი პლატფორმის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისად დასპონსორებული ბავშვების რაოდენობაც იზრდება.
ფაქტია, რომ ყველა ხარჯი გამჭვირვალეა. სუპერგმირები ყოველთვიურად იღებენ რეპორტს, ბენეფიციარი ყოველთვიურად იღებს გზავნილს. საინტერესოა, მზარდია თუ არა დონორების რაოდენობა?
მარიტა გენებაშვილი – ახალი სუპერგმირები მუდმივად გვემატებიან, ზოგჯერ ძველებს ანაცვლებენ, პლატფორმა 2020 წელს გაეშვა და გვყავს დონორები, რომელთაც პირველი დღიდან არ შეუწყვეტიათ ბავშვების მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია კიდევ უფრო გაიზარდოს ჩართული ადამიანების რაოდენობა. თუმცა ამაზე ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას. ვფიქრობ, იმ რეალობაში რაშიც ფაქტობრივად გახსნის დღიდან ვართ, იმაზე უკეთესი შედეგები დადგა ვიდრე ველოდით. წარმოიდგინეთ, იდეაზე მუშაობა კოვიდამდე დავიწყეთ, ვერც კი ვიფიქრებდით, რომ 2020 წელი ისე განვითარდებოდა. პანდემიის პიკში მოგვიწია პროექტის გაშვება. შემდეგ მოგეხსენებათ მუდმივი პოლიტიკური დაძაბულობა. ამ ყველაფრის ფონზე დღემდე 1500 -ზე მეტი ადამიანი ჩაერთო ჩვენს პლატფორმაზე და 30-ზე მეტ კომპანიასთან ვითანამშრომლეთ.
როგორც ვხვდები, განათლების კუთხით, განსაკუთრებით ზრუნავთ რეგიონებსა და მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის…
მარიტა გენებაშვილი – დიახ, ჩვენი მთავარი ფოკუსი განათლების ხელშეწყობაა. 150-ზე მეტი ბავშვი დაგვყავს ინგლისურისა და მათემატიკის გაკვეთილებზე, სხვადასხვა კლასგარეშე სახელოვნებო და სპორტულ წრეებზე. დანარჩენ შემთხვევაში ყოველთვიური ამანათი კომპლექტდება ბავშვებზე მორგებული პროდუქტებით, წიგნებით, სასკოლო ნივთებით, შემეცნებითი და განმავითარებელი სათამაშოებით. თუმცა ზოგიერთი ოჯახის შემთხვევაში შეიძლება ვარჩევდეთ ბავშვებისთვის მეტწილად საკვების გაგზავნას, რადგან მშიერი ბავშვი ვერც სკოლაში და ვერც სკოლის გარეთ ვერ მიიღებს განათლებას.
“უკვე სამი თვეა ჩვენი გუნდი, როგორც ჩვენი თანამოაზრეების უმრავლესობა ორ სამსახურში მუშაობს – დღის მისია სუპერგმირის ბენეფიციარებზე ზრუნვაა, საღამოს მისია კი საქართველოს ევროპულ მომავალზე ზრუნვა!” – ვკითხულობთ supergmiri.ge-ს ფეიბუქგვერდზე, რაში გამოიხატება საქართველოს ევროპულ მომავალზე ზრუნვა, რას აკეთებს ამისთვის თქვენი პლატფორმა?
მარიტა გენებაშვილი – ჩვენი კარიერა და შესაბამისად ცხოვრება ისე განვითარდა, რომ მე და ლეკო მესამე წელია ამერიკაში ვცხოვრობთ, თუმცა ზაფხულის ორ თვეს თბილისში ვატარებთ ჩვენს ოჯახებთან, ხოლო სუპერგმირისა და ჩვენი სხვა პროექტების დამსახურებით ყოველდღიურ რეჟიმში ვართ ჩართული საქართველოს მოვლენებში. ჩვენი ქვეყანა აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს და ამისთვის დიდი ცვლილებებია საჭირო. მშურს ადამიანების, ვინც ამ ბრძოლაში არიან, და დიდი იმედი მაქვს ეყოფა ქართველ ერს გამძლეობა, რომ არ დავუშვათ ქვეყნის სრული იზოლაცია განვითარებული სამყაროსგან.
როგორ ხედავთ სუპერგმირის მომავალს და რა გეგმები გაქვთ დასახული?
მარიტა გენებაშვილი – წელს საახალწლოდ გავუშვით ახალი პროექტი www.supertrivia.ge – ეს არის საგანმანათლებლო ტრივია თამაში, სადაც ნებისმიერი ადამიანი თავისი ცოდნით ხდება ქველმოქმედი. პრინციპი მარტივია – შემოდიხართ საიტზე, ირჩევთ სასურველ კატეგორიას და იწყებთ კითხვებზე პასუხების გაცემას. თითოეული სწორი პასუხით აგროვებთ ერთ ფურცელს, ხოლო თვის ბოლოს ჯამურად დაგროვილი ფურცლების შესაბამისი რაოდენობის წიგნებს გადავცემთ ჩვენს ბენეფიციარებს. დღეისთვის უკვე 10 000-ზე მეტი ფურცელი დააგროვეს მოთამაშეებმა. ამ პროექტით გვინდა ქველმოქმედება შემოვიტანოთ თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობაში.
ასევე 2025 წლის გეგმებში გვაქვს კომპანიებისთვის განახლებული პლატფორმის შეთავაზება, სადაც თანამშრომლებს გუნდურად შეეძლებათ საქველმოქმედო და მოხალისეობრივ ინიციატივებში ჩართვა. ამ პროექტით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ გვინდა დავიწყოთ სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობის ახალი ეტაპი ქართული კომპანიებისთვის და იმედი გვაქვს მაღალი დაინტერესება იქნება.
სპეციალურად საიტისათვის – ნინო ჩხეიძე