საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგ მარინა ჩიტაშვილს ესაუბრა.
– ქალბატონო მარინე, როგორც მოსალოდნელი იყო, 4 ოქტომბერი ბევრი თვალსაზრისით რთული დღე აღმოჩნდა, რომელსაც დრამატული დასასრული ჰქონდა.
4 ოქტომბერს ადგილობრივი არჩევნებიც ჩატარდა და ქუჩაში საპროტესტო აქციაც გაიმართა. ორივე ამ პროცესის შედეგი ხელისუფლებისთვის მომგებიანი და ყველაზე ხელსაყრელი აღმოჩნდა. ორივე თემა აქტუალურია და მასზე სერიოზული მსჯელობა ნამდვილად ღირს, მაგრამ, მოდით საუბარი 4 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნებით დავიწყოთ. ფაქტია, რომ შედეგების თვალსაზრისით, ამ არჩევნებზე მოულოდნელი არაფერი მომხდარა.
თქვენ როგორ შეაფასებდით საქართველოში 4 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს და იმას, რაც ამ არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესს ახლდა?
– მადლობა რომ მთხოვეთ, ამ თემაზე აზრის გამოთქმა, თუმცა, აქ სათქმელი ბევრი არაფერია. ასეა იმიტომ, რომ არჩევნები არის მაშინ, როცა არსებობს რეალური არჩევანი. ამ არჩევნებზე რეალური არჩევანი არ არსებობდა. არ ვგულისხმობ არჩევნებში მონაწილე პარტიებს, არამედ იმას, რომ ხელისუფლების კანდიდატების საპირწონედ უნდა არსებულიყო ერთი მაინც ისეთი კანდიდატი, რომელთა გარშემო ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატი, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტიის კანდიდატი იქნებოდა დასახელებული, მას მისცემდა ხმას.
რადგან ამ არჩევნებზე ასეთი ალტერნატივა არ არსებობდა, დასავაბუთებ რატომ არ არსებობდა, ასეთ შემთხვევაში თბილისში კახი კალაძეს არ ჰქონდა სხვა შანსი რომ არ გაემარჯვა.
ახლა რაც შეეხება „ლელოსა“ და გახარიას საქართველოსთვის“ ერთიან კანდიდატს. ცოტა უხერხული იქნება, მაგრამ, უნდა ვთქვა, პროცენტების გამოთვლა სკოლაში გვაქვს ნასწავლი. 2024 წლის არჩევნებში ფაქტი ასეთი იყო – ოპოზიციურმა პარტიებმა ჯამში მიიღეს 46%, ამიტომ, ამ ამ ოთხი პარტიის ორ ნაწილად გაყოფა – ბოიკოტის მომხრეებად და არჩევნებში მონაწილეებად ელემენტალურად ნიშნავდა იმას, რომ ეს 46% ვერც ერთ შემთხვევაში ვერ აგროვდებოდა. ამის გამო ვამბობ, რომ ადგილობრივ არჩევნებზე რეალური ალტერნატივა არ არსებობდა.
როდესაც არჩევანი არ არის, ასეთ შემთხვევაში, ჩემთვის არჩევნები, სიმბოლურადაც არ არის არჩევნები. სსრკ-ს დროს, როდესაც პირველად წავედი არჩევნებზე, მაშინაც არ იყო არჩევნები, რადგან ქვეყანაში მხოლოდ ერთი პარტია არსებობდა. არც ახლა იყო არჩევანი. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის არჩევნებში ბევრი სხვა პარტიაც იღებდა მონაწილეობას. რაც ვთქვი გავიმეორებ – ასეთ შემთხვევაში კალაძეს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, უნდა გაემარჯვა.
კარგი ამ არჩევნებში რაც იყო და რისი იმედიც მქონდა, იყო ის, რომ ამ არჩევნებზე იყო ამომრჩევლის ძალიან დაბალი აქტივობა. და თუ რეალურად ვიმსჯელებთ, თბილისში გამოცხადებული 71% -ის ნაცვლად, რეალურად, კალაძემ ამომრჩევლის მხოლოდ 20-დან 21%-მდე მიიღო. რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისი კალაძისთვისთვის არც თუ ლოიალურ ქალაქად რჩება, უბრალოდ ამომრჩევლები არჩევნებზე არ წავიდნენ.
გვყავს მერი, რომელიც მოსახლეობის 1/5-მა აირჩია, არ გვყავს რეალურად ალტერნატიული კანდიდატი, რომლის შესახებაც მსჯელობა შეიძლება. და გვყავს გაყოფილი წარმონაქმები, ვგულისხმობ სახელდებულ პოლიტიკურ პარტიებს, რომელთა რეალური მხარდაჭერა არის ძალიან მცირე. „გირჩისა“ და „კონსერვატორების“ გარდა, დარჩენები დეკლარიდნენ, როგორც არჩევნებში მონაწილეები.
– იმისთვის რომ ხელისუფლების ალტერნატივა არ გამოჩენილიყო, ამისთვის „ქართულმა ოცნებამ“ საკმაოდ ბევრი გააკეთა.
საპარლამენტო არჩევნებამდეც და მას შემდეგაც ჩვენ თვალს ვერ ვადევნებთ კონკურენტულ, სამართლიან და ჯანმრთელ პოლიტიკურ პროცესს, რომლის პირობებში მეტ-ნაკლებად შესაძლებელი იქნებოდა ალტერნატივის გამოკვეთა.
პოლიტიკური ძალები რომელიმე პრობლემის გადასაჭრელად საზოგადოებას ოპტიმალური გამოსავლის შეთავაზებით კი არ არიან დაკავებული, არამედ დაპირისპირებით. ვხედავთ, ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ „რუსულ ოცნებას“ ეძახის, ხოლო, „ქართული ოცნება“ ოპოზიციას „აგენტებად“ მოიხსენიებს.
ალტერნატივა მანამდე არ გამოჩნდება, ვიდრე პოლიტიკური პროცესი არ იქნება სრულფასოვანი. ძალიან ხომ არ ვაზვიადებ, ან ნამეტანს ხომ არ ვითხოვ?
– არა ნამდვილად. საქმე ისაა, რომ ვიდრე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთხოვა ინტერვიუ, იქაც ვთქვი და იგივეს გავიმეორებ. მაშინაც ბევრს ეწყინა, ახლა ხომ მითუმეტეს ბევრს ეწყინება, მაგრამ ფაქტი ასეთია – ჩვენ არ გვყავს პოლიტიკური ოპოზიცია. ჩვენ გვყავს ოპოზიცია სამოქალაქო პროტესტის სახით, მაგრამ, ჩვენ არ გვყავს პოლიტიკური ოპოზიცია.
ამაში ვგულისხმობ იმას, რომ პოლიტიკური ოპოზიცია, გარდა პოლიტიკური მიკუთვნებულობისა, გულისხმობს იმას, რომ პოლიტიკური ბრძოლა უნდა განხორციელდეს რაციონალურობის, ანუ დათვლის პრინციპით. ეს დათვლა და რაციონალურობა, დაგეგმილი საფეხურები და ასე შემდეგ, არსებულ პოლიტიკურ პარტიებს ნამდვილად არ გააჩნიათ, უფრო ზუსტად ჩემთვის შეუმჩნეველია. ასეა მარტივი მიზეზის გამო – როცა ჯამში 46% გაქვს და შენ რომ კიდევ ცალკე გადიხარ, ეს ავტომატურად ნიშნავს „საქმის ჩაგდებას“.
პოლიტიკური ოპოზიციისათვის მთავარია ჰქონდეს სურვილი სხვებთან ერთად გადაინაწილოს ძალაუფლება. ოპოზიციური კოალიცია იქმნება მაშინ, როდესაც პარტიაში და პარტიებს შორის არსებობს შინაგანი თანხმობა რომ გამარჯვების შემთხვევაში ისინი სხვებთან ერთად ინაწილებენ ხელისუფლებას.
მოდით ასეთ რამეზე გავაგრძელოთ მსჯელობა – ვინ უნდა იყოს ქალაქის მერი? ქალაქის მერი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც არის მეურნე, რომელიც კარგად ერკვევა ქალაქის სტრუქტურაში და იცის ქალაქის შეჭირვების სირთულეები. ასეთ შემთხვევაში ამ 4 ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკურ პარტიაში როგორ უნდა დავიჯერო რომ ერთი ასეთი ადამიანიც არ მოიძებნა? პირობითი – სახელით პეტრე კოტიშაძე, რომელიც ამ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებდა.
ასეთ შემთხვევაში რა იქნებოდა პრობლემა? მე არაფერი საწინაღმდეგო არა მაქვს იმ კანდიდატთან, რომელიც მათ შეარჩიეს და წარმოადგინეს, მაგრამ, ის არ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, არც თავისი გამოცდილებით, არც თავისი კარიერით, რაც ქალაქის მოსახლეობისთვის იქნებოდა რაციონალური და გასაგები ფიგურა, რომ მისთვის მიეცათ ხმა.
მე პირადად, და ნახეთ რომ რუსთაველზე ჩემნაირები არც თუ ისე ცოტა ხალხი იყო. იმის თქმა მინდა, რომ ამგვარად შერჩეული მერობის კანდიდატი გააერთიანებდა არა „ქართული ოცნების“ მომხრე ადამიანებს. თბილისი, რომელშიც მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, სხვათა შორის ისიც გაუგებარია, სტატისტიკის დეპარტამენტს სხვა რიცხვი აქვს მითითებული, ხოლო ცესკოს სხვა რიცხვი უდევს. მართალია, მათ შორის სხვაობა სულ რაღაც 43 ადამიანია, მაგრამ მაინც.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასეთი ადამიანი იქნებოდა მაკონსოლიდირებელი ფიგურა იმისათვის რომ ხელისუფლების ალტერნატივის მხარდაჭერა ყოფილიყო შესაძლებელი. თუ ასეთ შემთხვევაში გაყალბდებოდა არჩევნები, ან საქმე მეორე ტურამდე ვერ მივიდოდა, პოლიტიკური ოპოზიცია იგებდა ძალიან სერიოზულ პლატფორმას იმის კვალობაზე რომ მთელი ეს პროტესტი ყოფილიყო პოლიტიკურად გამართული. ასეთ შემთხვევაში პოლიტიკური ბრძოლის ასპარეზი ჩნდებოდა.
ჩნდება კითხვა – რატომ ვერ შეირჩა ოპოზიციურ სპექტრში ერთიანი ასეთი ერთიანი კანდიდატი? ჩემი აზრით, ასეთი კანდიდატურა ვერ შეირჩა იმის გამო რომ კოალიციის და არჩევნებში მათი გამარჯვების შემთხვევაში არსებული სტრუქტურაში უნდა მოხდეს ძალების გადანაწილება. როგორც ჩანს, ჩვენში არსებული ოპოზიციური სპექტრისათვის ძალების ასეთი გადანაწილება სრულიად მიუღებელია და ისინი მუშაობენ პრინციპით – ან ყველაფერი, ან არაფერი.
ჰოდა, ამიტომაცაა, რომ სულ გვაქვს „არაფერი“.
– წინა კითხვაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ართანამშრომლობის პრობლემას შევეხე.
პოლიტიკური ძალები რომელიმე პრობლემის გადასაჭრელად საზოგადოებას ოპტიმალური გამოსავლის შეთავაზებით კი არ არიან დაკავებული, არამედ ერთმანეთთან დაპირისპირებით.
ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ „რუსულ ოცნებას“ ეძახის, ხოლო, „ქართული ოცნება“ ოპოზიციას „აგენტებად“ მოიხსენიებს და ამ თვალსაზრისით, ორივე მხრიდან შეურაცხყოფას ვგულისხმობ, ლამის ყოველ დღე დაპირსპირების „მწვერვალებს იპყრობენ“…
– და ვინ უნდა იყოს ამ პოლიტიკური პროცესით დაინტერესებული? მოქმედი ხელისუფლება ამგვარი პოლიტიკური პროცესით რომ არ არის დაინტერესებული, ვხედავთ. იმასაც ვხედავთ, რომ იგი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოება რაც შეიძლება გახლიჩოს, ეს რომ ასეა, სრულიად ცხადია.
მეტიც, მმართველი პოლიტიკური პარტია არც ერთ შემთხვევაში არ იქნება დაინტერესებული იმით, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის რეალური სივრცე შექმნას. მიზეზი მარტივია – ასეთ შემთხვევაში მათ ხელიდან ეცლება, ან ეჭვის ქვეშ აყენებ პროპაგანდისტული გზავნილების ეფექტურობას. ამიტომაცაა, რომ „ქართული ოცნების“ ინტერესში არ შედის პოლიტიკური დიალოგი. ის მოქმედებს დირექტივების პროცესით და ამიტომაცაა რომ ოპონენტებს იარლიყებით ამკობს.
ეს დაახლოებით იმას ჰგავს,რადგან შენ მე ეს მითხარი, მაშინ მე შენზე ამას ვიტყვი. ეს გარკვეულ წილად თამაშს გავს, თან ისეთს, რამაც კონსპირაციის მოყვარულებს შეიძლება აფიქრებინოს – ესენი, შემთხვევით შეთანხმებული ხომ არ არიან და საერთო თამაშს ხომ არ თამაშობენ? სხვა შემთხვევაში სრულიად წარმოუდგენელია თუ არა რაღაც სუბიექტური მიზეზები, რატომ უნდა მინდოდეს მე ამ თამაშში ჩართვა.
უფრო მეტსაც გეტყვით, ხელისუფლების მიერ არჩეული სტრატეგია ჩემთვის სრულიად გასაგები ლოგიკური სტრატეგიაა – არ მინდა და არ დაგელაპარაკები. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის რომ შენი დისკრედიტაცია მოვახდინო.
ჩემთვის გაუგებარია აქეთა მხარე, უკვე დისკრედიტირებული რატომ ცდილობს ამ თამაშში ჩაერთოს. ამას ვერ ვიგებ. მე არ ვფიქრობ იმაზე რომ აქეთა მხარეს რომელიმე ადამიანს არ ჰყოფნის ჭკუა, გონება, არ აქვს დათვლის უნარი და ასე შემდეგ. ამიტომ, მგონია, რომ ის, რაც არის გაცხადებული, მის უკან დგას რაღაც სუბიექტური მიზეზები, რაც მათ ხელს უშლის რაციონალურ ქმედებებში.
პოლიტიკა არის უკიდურესად კარგად გათვლილ რაციონალურ გადაწყვეტილებებში ემოციები არის კარგად მართული,. საკმარისი არაა რაციონალური გადაწყვეტილებების ნაცვლად ემოციები შემოგთავაზოთ, ეს მხოლოდ მაშინ ამართლებს, როდესაც, თუ შეიძლება ასე ითქვას, რევოლუციური სიტუაციაა მომზადებული.. მხოლოდ ემოციებით რევოლუციები არ მახსოვს. „ოქტომბრის რევოლუცია“ ნამდილად არ ყოფილა ასეთი.
აქედან გამომდინარე, აფექტური მოლოდინი ცვლილებისადმი ტოვებს შთაბეჭდილებას რომ უკეთეს შემთხვევაში ეს ადამიანები ან ვერ ითვლიან, ან, მეორე და უარესი – სუბიექტური მიზეზების გამო ვერ ხედავენ სიტუაციას, და მესამე, კიდევ უფრო უარესი – მათ, უბრალოდ არ უნდათ რაიმე ცვლილება. აქედან რომელია, მე ვერაფერს ვერ გეტყვით.
მაგრამ, ის, რომ დაადანაშულო ხელისუფლება იმაში თუ რატომ არ ქმნის პოლიტიკური დებატებისთვის სივრცეს, პასუხი მარტივია – ეს მათ არ სჭირდებათ. ის ამგვარ სივრცეს პრინციპულად არ შექმნის. აქედან გამომდინარე მისი იძულება იმისთვის, რომ ამგვარი სივრცე შეიქმნას, არის პოლიტიკური ოპოზიციის დღის წერსიგის საქმე. პოლიტიკურმა ოპოზიციამ უნდა აიძულოს ხელისუფლება შექმნას დებატებისთვის პოლიტიკური სივრცე. ასეთი იძულება ოპოზიციის მხრიდან არ განხორციელებულა.
– 4 ოქტომბერს ქუჩაში განვითარებულ მოვლენებზე საუბარზე უნდა გადავიდეთ. 4 ოქტომბრის არჩევნებამდე ჩვენ თვალს ვადევნებდით ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მხრიდან „მშვიდობიან რევოლუციაზე“ გახშირებულ მსჯელობებს, რამაც საპროტესტო ელექტორატში გარკვეული მოლოდინები გააჩინა.
მაგრამ, ფაქტი ისაა, რომ რუსთაველზე საპროტესტო აქციები სამოქალაქო აქტივისტების აქტიურობით იმართებოდა. ამ პროცესში პოლიტიკური პარტიები კი მონაწილეობდნენ, მაგრამ წამყვან როლს არ არსულებდნენ. პოლიტიკური პროცესი კი პოლიტიკოსების გარეშე წარმოუდგენელიც კია. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, საპროტესტო აქციებმა ბევრი ისეთი საინტერესო ადამინებიც დაგვანახა, რომლებსაც მანამდე საზოგადოება არ იცნობდა.
ბოლომდე გაუგებარი იყო თუ რა სახე მიეცემოდა ე,წ. „ მშვიდობიან რევოლუციას“. ბოლოს გავიგეთ რომ არსებობდა „სახალხო კრების“ საორგანიზაციო კომიტეტი, რომელთა ვინაობა მხოლოდ 4 ოქტომბრის აქციაზე გამოცხადდა. პაატა ბურჭულაძემ წაიკითხა „სახალხო კრების“ დეკლარაცია, და გადაწყვეტილება ივანიშვილის ჩათვლით „ქართული ოცნების“ ლიდერების დაკავების შესახებ.
იმის ფონზე რაც რეალობაში ხდებოდა, აშკარად ამოვარდნილი იყო პოლიტიკური ლოგიკიდან თუნდაც იმიტომ, რომ პოლიტიკა ქუჩაში და ზოგადადაც ასე არ კეთდება.
ვითარებაში, როცა, იმ გადაწყვეტილებების აღსრულებას არანაირი შანსი არ არსებობდა, სავარაუდოდ, რა შეიძლება ყოფილიყო „სახალხო კრების“ კომიტეტის წევრების მხრიდან ამგვარი ქმედებები მიზანი?
– მართალი გითხრათ, რა იყო ამის მიზანი, მე არ ვიცი, ამიტომ, ჩემი მსჯელობა წმინდა სპეკულაციურია და შეიძლება არავის არ მოეწონოს. იმის გამო რომ მეც არა ვარ ბევრ რამეში ბოლომდე დარწმუნებული, ამიტომ, ამაზე ვერაფერს გეტყვით.
მაგრამ, ერთი რამ ნამდვილად შემიძლია გითხრათ – იმ ადამიანებს, ვისაც რაიმე მოლოდინი გაუჩნდათ, რომ 4 ოქტომბერს რაიმე მოხდებოდა და ისინი შეძლებდნენ სახელმწიფო სტრუქტურის ცვლილებას, ეს იყო აბსოლუტურად არარეალისტური მოლოდინი. იმიტომ რომ, თუ ეს ადამიანები ცდილობდნენ 2003 წლის მოვლენების მოდელის გამეორებას, ეს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ განმეორდებოდა ძალიან მარტივი მიზეზის გამო.
2003 წლიდან 2024 წლის ჩათვლით საქართველოში განხორციელდა ბევრი ცვლილება, მათ შორის ინსტიტუციების ცვლილება. ინტიტუციების რეფორმის შემდეგ ახლა ისინი უფრო ავტორიტარულად იმართება, რაც რევოლუციის მოწყობას კი არ შეუწყობდა ხელს, არამედ გაართულებდა. ის, რაც ყველაზე მეტად აღიზიანებს მოქმედ ხელისუფლებას არის ადამიანების დაუმორჩილებლობა, სამოქალაქო აქტივისტებისა და საზოგადოების ნაწილის დაუმორჩილებლობა.
ეს ადამიანები შიშველი ხელებით წინააღმედეგობას უწევენ ხელისუფლებას, მათ არ გაუვლიათ სპეცმომზადება, და ასე შეუძლიათ შეიკრიბონ რუსთაველზე და თავისუფლად გამოხატონ თავისი აზრი. მათი მოქმედება ნამდვილად არ არის ძალადობრივი და არ არის იმგვარი რასაც ხელისუფლება ელოდება. ისინი მშვიდობიანი გზით გამოხატავენ საკუთარ აზრს – უკმაყოფილებას მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკური კურსის მიმართ.
ითხოვენ თავისუფალ არჩევნებს და კანონის უზენაესობას. ითხოვენ მართლმსაჯულებასა და თანასწორობას. ითხოვენ კონსტიტუციის დაცვას და ევროინტეგრაციას. მე იმის თქმა მინდა, რომ მოლოდინი იმისა, რომ 4 ოქტომბერს რამე შეიცვლებოდა, არ იყო. არსებობს ასეთი ფანტასტიკური მოთხრობა – გაბრიელ გარსია მარკესის „გამოცხადებული სიკდილის ქონიკა“. ვის გაუგია რევოლუციის მოწყობა 3 თვით ადრე გამოცხადებული დეკლარაციით?
4 ოქტომბერს ვიკრიბებით აზრის გამოსახატად, ეს არის იმ ხალხის შეკრება, რომელიც გამოხატავს პროტესტს და თვლის რომ მათ არ უნდა ისეთი ტიპის ქვეყანაში ცხოვრება, რომელიც ახლა გვაქვს. მაგრამ, ამის შემდეგ ვხედავთ, რომ ცხადდება პრეზიდენტის სასახლესთან მისვლა.
მართალი გითხრად, მე იმ დროისთვის იქ უკვე აღარ ვყოფილვარ. თუ გახსოვთ, გამოცხადებული იყო 3 საათზე უნივერსისტეტთან შეხვედრა, რომლის მონაწილეები რუსთაველისკენ დაიძვრებოდნენ. შემდეგ 4 საათვისთვის რუსთაველზე მივიდოდით, იყო გათვლა, რომ ეს ყველაფერი 5-6 საათისათვის უნდა დასრულებულიყო. მე რუსთაველიდან დაახლოებით 7 საათისთვის წამოვედი. წამოვედი იმის გამო რომ არაფერი ხდებოდა და სხვა ვალდებულებები მაქვს როგორც შვილს და სახლში უნდა ვყოფილიყავი.
ამას წინ უნძღოოდა მოწოდებები რომ ხან ერთს უნდა დავლოდებოდით ხან მეორეს და არაფერიც არ იწყებოდა. სწორედ მაშინ გამახსენდა ესტონეთი და ის, რომ როცა იტყოდნენ 3 საათზე უნდა დაწყებულიყო მიტინგი, იგი ზუსტად 3 საათზე იწყებოდა. როდესაც ორგანიზატრორები თვლიან რომ ხალხის შეკრებისთვის სჭირდებათ ამდენი დრო და ამის შემდე მესიასავით უნდა გამოგვეცხადონ, ეს გაუგებარია.
მესიების დრო დამთავრებულია, ბოლო ასეთი ქარიზმატული ლიდერი იყო მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც გარკვეული პირობების გამო შეძლო ამ როლის შესრულება. იმის თქმა მინდა, რომ თავის თავად ეს პროტესტი და შემდგომ ქუჩაში განვითარებული ქმედება და რაც წავიკითხე, რადგან მე იქ არ ვყოფილვარ, სულ ცოტა გაუგებარია სამოქალაქო მშვიდობიანი პროტესტის კონტექსტში.
ვიმეორებ იმას, რაც წავიკითხე – გამოცხადებული ყოფილა რომ კაცები უნდა წასულიყვნენ პრეზიდენტის სასახლესთან. რა აზრი ჰქონდა პრეზიდენტის სასახლესთან მისვლას არ მესმის. დავუშვათ შესულიყვნენ შენობაში, რა წარმომადგენლობითი ფუნქცია აქვს პრეზიდენტს რომლის კვალობაზე შეიძლებოდა სერიოზული ცვლილებების განხორციელება?
ჩემი აზრით, მთელ ამ სიტუაციას სჭირდებოდა უმარტივესი რამ – ადგილობრივ არჩევნებზე ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკურ პარტიებს შორის თბილისის მერობის საერთო ერთ კანდიდატზე შეთანხმება. მერი არ არის პოლიტიკოსი. თუ მერის ფუნქციებში ჩავიხედავთ, ვნახავთ, რომ ის მეურნეა. შესაბამისად, კანდიდატი უნდა იყოს შერჩეული თავისი გამოცდილებით. ეს იქნებოდა საუკეთესი ვერსია პოლიტიკური პროცესის წინ წასაწევად.
თუკი თბილისის მერობის ასეთი კანდიდატი ეყოლებოდა ოპოზიციას და სულ მცირე მეორე ტური შედგებოდა, არ მოუწევდა „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციასთან თანამშრომლობა? არ გახსნიდა ეს პოლიტიკური დებატებისთვის სივრცეს? არ შესუსტდებოდა პროპაგანდისტული გზავნილები?
ახლა კი ის გვაქვს, რაც გვაქვს.
– შედეგი ასეთი ჩანს – საპროტესტო ტალღა, რომელივ დედაქალაქში თითქმის ერთი წელია გრძელდება, არ მოხდა მისი პოლიტიკურ შედეგად კონვერტირება, რაც უდავოდ, ოპოზიციური პოლიტიკური კლასის „დამსახურებაა.“
რა თქმა უნდა, ამაში ხელისუფლებამ უკვე დაანონსა რეპრესიები. უკვე ითქვა, რომ კომიტეტის 6 წევრის დაკავებაზე ეს დაკავებების პროცესი არ გაჩერდება.
გაძლიერდება ხელისუფლების მხრიდან პროცესების ავტორიტარული მეთოდებით მართვა. აქ შეუძლებელია არ გავიხსენო „ინტერპრესნიუსისათვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვენს მიერ გამოთქმული აზრი – „ვერ ვხედავ ისეთ პოლიტიკურ აქტივობას, რომ ჩემს ქვეყანაში ავტორიტარიზმი არ გაფორმდეს“.
ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიუკურ ძალებს შორის შეუთანხმებლობის ფონზე ხელისუფლება კიდევ უფრო ავტორიტარულ მეთოდებს მიმართავს, ვხედავთ. თუ პოლიტიკური პროცესს ის დინამიკა ექნა, რაც ახლა აქვს, ამან სანამდე შეიძლება მიგვიყვანოს პოლიტიკური პროცესიც და ქვეყანაც?
– სანამ 4 ოქტომბერი მოხდებოდა, უკვე იყო 70-მდე ადამიანი დაკავებული საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო. ახლა ამას კიდევ 30 ადამიანი დაემატება თუ 35, ეს შეიძლება გაფორმდეს როგორც რეპრესიების გაძლიერება. მაგრამ, რესპრესიები ქვეყანაში დიდი ხანია დაწყებულია.
ის, რაც მე ვთქვი, რომ ვერ ვხედავ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ავტორიტარიზმს შეეწინააღმდეგება, ფაქტია, რომ ასეთი პოლიტიკური ძალა არ გვაყავს. სამაგიეროდ არსებობს სამოქალაქო პროტესტი, პოლიტიკური ძალა წარმოიქმნება სამოქალაქოს პროტესტისგან. პოლიტიკური ბრძოლა, რომელშიც ახლა ვართ, არის მარათონი.
ვინც ამ ბრძოლაში სპირინეტერები იყვნენ და არა სტაერები, უნდა მიხვდნენ რომ ჩვენ ვართ მარათონში, ხანგრძლივ ბრძოლაში, რომ ეს ქვეყანა იყოს თავისუფალი, ევროპული ღირებულებების მატარებელი და არა დეკლარირებულად ვითომ ევროპული ქვეყანა.
მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც გვაქვს არ არის პოლიტიკური პარტია, ეს არის პირველი დუღილი იმისა, საიდანაც უნდა წარმოიშვან ახალი თაობის პოლიტიკოსები. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ იმ 70 რესპესირებულებიდან, ვინც ახლა ციხეშია, ვინმე გამოვიდეს როგორც პოლიტიკური ლიდერი. ეს არ იქნება დღეს და ხვალ, ეს არის ხანგრძლივი პროცესი. რამდენი ხანი დასჭირდება ამას, მე ამას ვერ გეტყვით.
ბევრი რამ დამოკიდებული იქნება საგარეო ფაქტორებზე. თუ რამე იძლევა ოპოტიმიზმის იმედს, ეს არის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული შეთანხმება ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ს კურირებას ექვემდებარება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ კავკასიის რეგიონში არ არის მხოლოდ ერთი ინტერესი, რომელსაც შეუძლია ყველაფრის კონტროლირება. ეს კი იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენ ჩვენი მარათონი უნდა გავაგრძელოთ.
მე დიდი იმედი მაქვს რომ მარათონი წარმატებით დასრულდება. იმედი უნდა გავუცრუო იმათ, ვინც ელოდება ერთ დღეში ცვლილებებს. ერთ დღეში ცვლილება არ და ვერ იქნება. ასეა იმიტომ რომ ჩვენ გადავედით საკმაოდ ძლიერი ინსტიტუტების მქონე, მაგრამ მაინც მყიფე რეჟიმზე.
ჩვენ არა გვაქვს რესურსებით მდიდარი ქვეყანა, მაგრამ, სამაგიეროდ, ჩვენ გვაქვს ბევრი ისეთი კანონი, რომელიც ადამიანებს აძლევს უკონტროლოდ და არა ანგარიშვალდებულად გამდიდრების საშუალებას. ეს საშუალება ქმნის იმის საფრთხეს, რომ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის კიდევ უფრო შენელება მოხდეს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი