ახლა უკვე ძალიან ხშირად არაფერს ვამბობ ხმამაღლა ვინმეს საპასუხოდ და მიზეზი ისაა, რომ გულში ვფიქრობ – აზრი არა აქვს, შეაყარე კედელს ცერცვი.
კედელზე ცერცვი არ ჩერდება იმიტომ, რომ კედელია. ზედ თუ არ ჩააჭედე არაფერი ჩერდება.
აი, სწორედ ეს მაინტერესებს: როგორ იქცევა ადამიანი კედლად.
ივიწყებს განათლებას, რომელიც უცხოეთში აქვს მიღებული,
საკუთარ შრომით გამოცდილებას უცხოურ ორგანიზაციებში, რომლებიც განვითარების პროექტებს ახორციელებენ საქართველოში,
საკუთარ დაპირებებს დემოკრატიის დასაცავად აქ თუ ევროკავშირსა და ამერიკაში,
ცალკეულ ქვეყნებში ვიზიტებისას მიღებულ გამოცდილებასა და ცოდნას,
უვითარდება სრული ამნეზია და იქცევა მღიერად (განვითარების უმდაბლეს საფეხურზე მდგომი მცენარე, რომელიც შედგება სოკოსა და წყალმცენარისაგან. ესენი თოვლსა და ყინვაშიც ადვილად ძლებენ (ნ. კეცხოველი.) – [ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი].
მე ის ვიცი, რომ არცერთი ქცევა არ ხორციელდება მიზეზის გარეშე და ვინმემ ხომ არ იცით რა არის ის კონკრეტული მიზეზი, განათლებულ ადამიანს მღიერად რომ გადააქცევს და თან რომ ამაყობს სხვა სახეობად გადაქცევას.
ერთხელ კიდევ დავრწმუნდი, რომ სწორად ვითხოვდი ჩემი სტუდენტებისაგან ერიხ ფრომის “თავისუფლებისაგან გაქცევას” ზეპირად. იმედი მაქვს მათ იციან, ახსოვთ და აკონტროლებენ არ გადააბარონ საკუთარი თავისუფლება ლიდერს, რომელიც სამოთხეს პირდება.
არაფერს ვამბობ, რომ ადრე თუ გვიან ასეთი ლიდერები ცუდად ამთავრებენ.

