მარინა ჩიტაშვილი: უკვე განხორციელებულ ბევრ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ევროპა, როგორც ორიენტირი, ქრება

ფსიქოლოგი მარინა ჩიტაშვილი:
განათლების რეფორმის ძირითად მიზეზზე –
გუშინ ილიას უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას დავესწარი და კოლეგებთან ერთად ვუსმინე დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში როგორ შემცირდება სტუდენტების, აკადემიური პერსონალის, უნივერსიტეტების რაოდენობა და შეიცვლება მათი ბედ-იღბალი. როგორც სჩვევია აკადემიურ მსჯელობას ძალიან კორექტულად იყო ნათქვამი რომ რეფორმის დამგეგმავებს გამორჩათ მოსალოდნელი შედეგები და აკადემიური ერთობა აპირებს მიმართოს მათ თავიანთი კვლევით მოძიებული სავარაუდო მოდელებით რომ დაფიქრდნენ.
მგონია, რომ დაშვება მათ [განათლების რეფორმის ავტორებმა] არ იციან და უნდა შევახსენოთ, მცდარია.
თუ ქცევა ხორციელდება მას ყოველთვის აქვს მიზეზი. ამას არც რეფორმის ტექსტი უარყოფს და 7 მიზეზს ჩამოთვლის რის გამოც უნდა განხორციელდეს ეს რეფორმა. გაცხადებული 7 მიზეზი თვალის ახვევაა, ან მანიფესტირებული შინაარსებია, რომლის უკანაც რეალური შინაარსი უნდა ვეძიოთ – ანუ იგივე ქცევის მიზეზი, რომელიც ზუსტად პასუხობს აწმყოში მიმდინარე პროცესებს.
განათლების რეფორმას უნდა შევხედოთ როგორც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას რომელსაც მოქმედი ხელისუფლება ახორციელებს მიმდინარე პოლიტიკის კონტექსტში – 2024 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედმა ხელისუფლებამ გამოაცხადა პრემიერ-მინისტრის პირით რომ ქვეყანა აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს და ერთი წელი და რამდენიმე დღეა მიუხედავად პროტესტისა რომ ქვეყანა დაბრუნდეს კონსტიტუციის ჩარჩოში უდრეკად მიიწევს წინ და შორდება ევროპას.
უკვე განხორციელებულ ბევრ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ევროპა, როგორც ორიენტირი, ქრება. უფრო მეტიც, მას, ევროპას, მიეწერება ყველა შესაძლო სიავე რაც კი შეუძლია წარმოიდგინოს საშუალო ამომრჩეველმა. ასევე ევროპასთან ინტეგრაციისათვის იჭრება ყველა შესაძლო გზა რომელიც კი ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს. განათლების სისტემა ერთ-ერთი კომპონენტია ამ გზაზე.
არსებული განათლების სისტემის მოდელი თავსებადია ევროპულ და საერთაშორისო განათლების სტანდარტებთან და ამით არის გლობალური თუ ევროპული სივრცის ნაწილი ინსტიტუციური ფორმით. სწორედ, რომ ინსტიტუციური დაშლა არის ამ რეფორმის სამიზნე. ისევე როგორც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით ევროპინტეგრაციის შეჩერების პროცესი, ასევე ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევით [მუხლი 27.3] უნივერსიტეტების ავტონომიის და აკადემიური თავისუფლების გაუქმება ინსტიტუციურ დონეზე არათავსებადს ხდის საქართველოს განათლების სისტემას არა მარტო ევროპის, არამედ საერთაშორისო სივრცისათვისაც.
რეფორმა აუქმებს რაიმესთან თავსებადობას სასკოლო და უმაღლესი განათლების დონეზე, ქმნის ჩაკეტილ გარემოს სადაც განათლების, როგორც საზოგადოებრივი სიკეთის, ხელმისაწვდომობას ამცირებს [რაც საბჭოთა კავშირშიც კი დაცული იყო ფორმალურად] და ქმნის წინაპირობას მომავალი თაობის დეკვალიფიკაციისათვის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე.
ზემოთქმულიდან გამომდინარე მივიჩნევ, რომ დაშვება, მათ [მოქმედ ხელისუფლებას] გამორჩათ და არ დაითვალეს შესაძლო შედეგები, მცდარია.
მოქმედმა ხელისუფლებამ კარგად დაითვალა და ზოგადი პოლიტიკის კონტექსტში, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის შეჩერება, ზუსტად ჩასვა განათლების ინსტიტუციური დაშლა, როგორც ევროპასთან ერთ-ერთი თავსებადი სტრუქტურის სრული მოსპობა.
დასკვნა – მიმდინარე განათლების რეფორმა არის საქართველოში საერთაშორისო სივრცისათვის თავსებადი ინსტიტუციის გაუქმება. და ეს კარგად არის დათვლილი და ზუსტად ჯდება მოქმედი ხელისუფლების მიმდინარე პოლიტიკურ კურსში.
P.S. ასე, რომ მათ [მოქმედმა ხელისუფლებამ] მშვენივრად იცის რასაც აკეთებს. სატყუარა რეფორმის კონცეფციის სახით გადმოგდებულია, რომ ჩვენ გავყვეთ საკუთარ ჩვევებს, აკადემიურად ვიმსჯელოთ და ვიფიქროთ რა იქნება სამომავლოდ და მივაწვდინოთ ხმა იმაზე რაც გამორჩათ. არაფერიც არ გამორჩენიათ. ეს მათთვის დროის მოგებაა. ამის დასტურია ყოველდღე სიახლეები რას აპირებენ. ამით მეორეხარისხოვან დეტალებზე კამათისა და დებატების გაგრძელება აკადემიურ თემში რომ ძირითად მიზეზზე – ევროპისაგან დეზინტეგრაცია – არავინ არაფერი თქვას.
პრეზენტაციაში ერთი საინტერესო დეტალი იყო – საჯარო უნივერსიტეტებში ახლა 1000 პროფესორია, რომელიც მოწოდებული რეფორმის კვალობაზე 280 დავა. ეჭვი მაქვს რომ ამ 280 ადგილზე სერიოზული კონკურენცია იქნება მიმართულებების მიხედვით. ჩემზე არ ინერვიულოთ. 999 მოგიწევთ ამ გადარჩევის გავლა.