მარინა ჩიტაშვილი პაპუაშვილის ბრალდებებზე პასუხისთვის საზმაუსგან საეთერო დროს ითხოვს

პროფესორი მარინე ჩიტაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელს ეთერში მიწვევას სთხოვს მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ამავე არხის ეთერში მისი ციტატის არასწორი ინტერპრეტაცია გაავრცელა და დისკრედიტაცია სცადა.
საუბარია 7 ოქტომბრის გადაცემაზე “აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად” – პაპუაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის პროფესორ, ფსიქოლოგ მარინა ჩიტაშვილს “რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი პროპაგანდისტი” უწოდა და დაადანაშაულა, თითქოს მას 4 ოქტომბრის აქციის მიზნად მიაჩნდა “სისხლი”, “გასროლა” და “მსხვერპლი”.
“ახლახან გახლდათ ინტერვიუ ქალბატონი მარინე ჩიტაშვილის, რომელიც გახლავთ რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი პროპაგანდისტი და მან თქვა, რომ 4 ოქტომბრის აქციამ ვერ შეასრულა თავისი მიზანი და ჩამოთვალა, რომ ყოფილიყო სისხლი, რომ ყოფილიყო გასროლა, რომ ყოფილიყო მსხვერპლი, მაშინ ამ აქციას ექნებოდა თავისი შედეგი. ეს თქვა მან და ეს იყო ზუსტად, რასაც ისინი ელოდნენ – სისხლს, მსხვერპლს და გასროლას. აი, ამას გადაურჩა 4 ოქტომბერს ჩვენი საზოგადოება. გადაურჩა 90-იან წლებში დაბრუნებას, სისხლის და სამოქალაქო დაპირისპირებას საქართველოში”, – განაცხადა პაპუაშვილმა მაუწყებლის ეთერში.
გადაცემის წამყვანი, მაკა ცინცაძეს არ გამოხმაურებია პაპუაშვილის არასწორ ინტერპრეტაციას და არ დაუზუსტებია მისი ნათქვამი.
ჩიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პაპუაშვილმა მისი ნათქვამი კონტექსტიდან ამოგლიჯა და სინამდვილეში, მსგავს შედეგი 4 ოქტომბრის აქციისგან სწორედ “ქართული ოცნება” ელოდა. ჩიტაშვილი წერს, რომ ევროინტეგრაცია სწორედ იმიტომ უნდა, რომ მსგავსი ბრალდებების შემთხვევაში სასამართლოში იჩივლოს და მოიგოს “სხვისი სახელის გამოყენებისა და აზრის შეგნებულად დამახინჯებისათვის პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე”.
“წარმოდგენა არ მქონდა თუ მე ვიყავი რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტი. საოცარი სიურპრიზია პარლამენტის თავმჯდომარისგან. ისე კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზების გამოყენება თქვენი ძლიერი მხარეა თუ თქვენი აპარატის თუ პარტიის მრჩევლების. ეს მაინტერესებს მხოლოდ. არცერთი სიტყვა არ მიმაქვს უკან. ოღონდ, ეს შედეგი გინდოდათ თქვენ მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციისათვის. პირველი არხი, ვითხოვ ეთერს”, – წერს ის სოციალურ ქსელში.
“ნეტგაზეთი” მარინა ჩიტაშვილს დაუკავშირდა მისი პოზიციის დასაზუსტებლად და დამატებითი შეფასებების მოსასმენად, თუმცა მან გვითხრა, რომ არაფერი აქვს სათქმელი გარდა იმისა, რაც უკვე თქვა.
რა თქვა მარინა ჩიტაშვილმა?
საუბრობდა მარინა ჩიტაშვილის ინტერვიუზე, რომელიც იგივე დღეს, 7 ოქტომბერს “ფორმულას” ეთერში გავიდა. ამ გადაცემაში ჩიტაშვილი, როგორც ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აანალიზებდა “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ნათქვამს “ნული თანაგრძნობის” შესახებ.
6 ოქტომბერს, პროსახელისუფლებო “რუსთავი 2-ის” ეთერში მ, უწყვეტი პროევროპული აქციის მონაწილეებზე საუბრისას განაცხადა, რომ ამ ადამიანების მიმართ აქვთ “ნული თანაგრძნობა”. გარდა ამისა, ათობით ათასიანი აქცია მ 100-150 “უცხოელი აგენტის” პროტესტად მოიხსენია.
ჩიტაშვილი სწორედ კობახიძის ამ ფრაზას განიხილავდა პროფესიულ ჭრილში. დასაწყისისთვის, მან მოიხმო გერმანელ-ამერიკელი ფილოსოფოსის და პოლიტიკის თეორეტიკოსის, ჰანა არენდტის სიტყვები იმის შესახებ, რომ ემპათიის დაკარგვა პირველი ნაბიჯია ადამიანურობის დაკარგვისკენ. შემდეგ კი შეაფასა კობახიძის, როგორც “მმართველის” დამოკიდებულება საზოგადოებისადმი.