ჩვენ სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში არ ვერევით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.
„რაც შეეხება არჩევნებში ჩარევას, ეს მართლაც სასაცილოა. საქმე იმაშია, რომ რუსეთის დადანაშაულება საკუთარ უბედურებაში, არასწორ გათვლებში, პრობლემებში, შეცდომებში, მეჩვენება, რომ ეს ამერიკული დემოკრატიის დაავადების გამოვლინებაა. გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში არ ვერევით, მითუმეტეს, გავლენას არ ვახდენთ ან საარჩევნო პროცესებზე ზეწოლას არ ვახორციელებთ. გამონაკლისი არც აშშ-ის მოახლოებული არჩევნებია, ჩვენ მათში არც აქამდე ჩავრეულვართ“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.
ზახაროვამ აღნიშნა, რომ სწორედ სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩაურევლობა განასხვავებს რუსეთს ამერიკის შეერთებული შტატებისგან.
„მარტივად რომ ვთქვათ, სხვების საქმეებში ცხვირის ჩაყოფა. მათ გულწრფელად ვუსურვებ, რომ ამას თავი დააღწიონ და საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე კონცენტრირდნენ, რომლებიც როგორც ახლა ამერიკელებმა ნახეს, ბევრია და ძალიან მასშტაბურია“, – აღნიშნა ზახაროვამ.