ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის „ოქროს გუმბათის“ პროექტი სტრატეგიულ სტაბილურობას ძირს უთხრის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.
„ეს უკვე აშშ-ის უკიდურესად საშიში დოქტრინის მატერიალური გამოხატულებაა, რომელიც გულისხმობს ე.წ. პრევენციულ და რეალურად განიარაღების მიზნით დარტყმების განხორციელებას. ეს ავანტიურული მიდგომაა და სტრატეგიული სტაბილურობის საფუძვლებს ძირს უთხრის“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.
მისი თქმით, „ოქროს გუმბათის“ პროექტი კოსმოსში სამხედრო ოპერაციების ჩატარების მიზნით შეიარაღების გაძლიერებას ითვალისწინებს.
„მსგავსი ქმედებები კი იმის შესაძლებლობას ქმნის, რომ კოსმოსი დაპირისპირების არენად იქცეს“, – აღნიშნა ზახაროვამ.
შეგახსენებთ, გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 175 მილიარდი დოლარის ღირებულების „ოქროს გუმბათის“ პროექტი დაამტკიცა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, „ოქროს გუმბათის“ თავდაცვითი ფარის პროექტი მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე უნდა ამოქმედდეს.
