მარიამ ქვრივიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

“ქართული ოცნების” მთავრობის ახალად დანიშნული ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დღეს, 11 ივლისს ბაქოში შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. ინფორმაციას შეხვედრის შესახებ ავრცელებენ ქართული და აზერბაიჯანული მხარეები.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე “კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური და სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები”.
“განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობა სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორმხრივ და რეგიონულ ეკონომიკურ პროექტებზე”.
ითქვა, რომ “საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პროექტებში თანამშრომლობა დადებითად აისახება ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, მათ შორის, მოიზიდავს დამატებით ინვესტიციებს ისეთ სექტორებში, როგორიცაა მწვანე ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კავშირგაბმულობა და სხვა”.
“ყურადღება გამახვილდა ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზის პროექტის მნიშვნელობაზე”, როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანის სატრანზიტო პოტენციალის ზრდის კომპონენტზე.
ისაუბრეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე. ასევე “მსოფლიოსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე”, “რომელთა დასაძლევად ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას”.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძეც.
აზერბაიჯანული მედიის თანახმად მარიამ ქვრივიშვილმა “აზერბაიჯანის პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოკითხვა გადასცა”. ალიევმა კი “კმაყოფილებით გაიხსენა ირაკლი კობახიძის პირველი უცხოური ვიზიტი აზერბაიჯანში მიმდინარე წლის იანვარში”.
აზერბაიჯანული მედიის თანახმად, მარიამ ქვრივიშვილმა ილჰამ ალიევს “გლობალური ლიდერი” უწოდა, რომელსაც “საქართველოში მეგობრად მიიჩნევენ”.
შეხვედრაზე ითქვა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია და არსებობს “სავაჭრო ბრუნვის გაზრდის დიდი პოტენციალი”.
ეკონომიკის მინისტრად მარიამ ქვრივიშვილი 24 ივნისს დაინიშნა, მან პოსტზე ლევან დავითაშვილი შეცვალა.
„ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლებისთვის, რომელთა ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი , ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი, ბაქოში პირველი უცხოური ვიზიტი ტრადიციად იქცა.
“ქართული ოცნების” ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ბაქოსთან ერთად გაუმკლავდება გლობალურ გამოწვევებს, რის ნაწილადაც ქვეყნის შიდა საქმეებში გარე ძალების ჩარევასაც განიხილავს.
“ქართული ოცნების” წარმომადგენლები, ბაქოში ყოფნის დროს, ხშირად იმეორებდნენ, რომ აზერბაიჯანთან სტრატეგიული თანამშრომლობა განსაკუთრებულია საქართველოსთვის.