მარიამ ლაშხს სურს, რომ დონორებმა ჯანდაცვის სექტორისთვის მეტი ფული გამოყონ

„ქართული ოცნების” დეპუტატი, მარიამ ლაშხი აცხადებს, რომ ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოს მოსახლეობის ინტერესი მაღალია და ისურვებდა, დონორების დაფინანსების ნაწილშიც ტოპ მიმართულებად იყოს ჯანდაცვა. ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ჯანდაცვის მინისტრს უსმენენ.
მისი შეფასებით, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე წარმატებულად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.
„შევუერთდები კოლეგებს და ძალიან დიდ პატივისცემას დაგიდასტურებთ. ჩვენთვის ძალიან დიდი დანაკლისის მიუხედავად, გვიხარია, რომ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებას ჩაუდექით სათავეში და ასე წარმატებულად ასრულებთ დაკისრებულ მოვალეობას.
ეს მიმართულება ნებისმიერი სოციალური გამოკითხვით, ხალხის ინტერესით ყოველთვის ტოპ 3-ეულშია და შესაბამისად არის ქვეყნის ყურადღებაც ამისკენ მიმართული. ასახულია როგორც სტრატეგიაში, სამოქმედო გეგმაში, ბიუჯეტში და მე ვისურვებდი იმას, რომ ჩვენი პარტნიორებისგან, დონორი ორგანიზაციებისგანაც შესაბამისი პასუხი იყოს ხალხის ინტერესზე და ბიუჯეტური მიმართულებით მათ ტოპ 3-ეულშიც იყოს ჯანდაცვის მიმართულება გამოყოფილი“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.