ქალბატონ მზია ამაღლობელის შემთხვევაში კრიმინალური დანაშაული მოხდა – ეს სილის გაწვნა, ტკივილი თუ გაწითლება არ იყო, ეს იყო დამოკიდებულება ინსტიტუციის მიმართ, რის გამოც პასუხისმგებლობა დადგა, – აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მარიამ ლაშხმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრის სოფო ხორგუანის პასუხად გააკეთა.
კამათი მზია ამაღლობელთან დაკავშირებით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გაიმართა, სადაც მარიამ ლაშხმა „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ კანონში ცვლილებები წარადგინა. პროექტი ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოებში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების შექმნას ითვალისწინებს.
საკანონმდებლო ინიციატივის განხილვისას, სოფიო ხორგუანმა განაცხადა, რომ საკითხი ქალს და თანასწორობას ეხება, რა პრინციპიც მზია ამაღლობელზე არ გავრცელდა. ამ კონტექსტში ხორგუანმა მარიამ ლაშხის საჩივარი გაიხსენა, რომლის საფუძველზეც ორ აქტივისტ ქალს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. ხორგუანმა აღნიშნა, რომ მარიამ ლაშხმა თავის დაცვა შეძლო, მზია ამაღლობელისგან განსხვავებით კი, სახელმწიფო მოხელეებს ბევრად მეტი თმენის ვალდებულება გააჩნიათ.
„აჭარაში ერთი შუახეველი მებრძოლი ქალია, რომელიც ასლან აბაშიძის რეჟიმის დროს იბრძოდა. ეს ქალი იბრძოდა შევარდნაძის რეჟიმის დროს, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს ის უფლებებისთვის იბრძოდა. რომ არა ეს ქალი, ბევრი ვერ გაიგებდა როინ შავაძის მკვლელობის შესახებ. შემდეგ ეს ქალი ამხელდა და “ქართული ოცნების“ დროს არსებული კორუფციული სქემების შესახებ საუბრობდა, რაც დადასტურდა. კორუფციის არსებობა რეალურად დადასტურდა. ახლა ეს ქალი ციხეშია, რადგან მან საკუთარი ღირსების დაცვა სცადა, როდესაც მას პოლიციელმა შეურაცხყოფა მიაყენა. როდესაც პოლიციელის მუნდირის პატივისცემასა და დაცვაზე ვსაუბრობთ, პოლიციელის მუნდირს ყველაზე დიდ შეურაცხყოფას უღირსი და მხდალი პოლიციელი აყენებს“, – განაცხადა სოფიო ხორგუანმა კომიტეტის სხდომაზე.
ხორგუანს თავდაპირველად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა მიმართა და მოუწოდა, რომ მათი პოლიტიკური გუნდის დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებზე მედიასთან ესაუბრა, ამისთვის პარლამენტში ბრიფინგისთვის განკუთვნილი სივრცე გამოეყენებინა, კომიტეტის სხდომაზე კი, კითხვები განსახილველი ინიციატივების ირგვლივ დაესვა.
იონათამიშვილმა განაცხადა ისიც, რომ ღირსების გამო ციხეში არავინ მიდის და თუ ვინმე გასამართლდა, სასამართლომ გადაწყვეტილება კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედების საფუძველზე გამოიტანა.
„ჩვენ კომიტეტზე წესი გვაქვს, რომ როდესაც კითხვას ვითხოვთ, მაშინ განსახილველ საკითხზე უნდა დავსვათ. თამაშის ამ წესებზე აუცილებლად უნდა შევთანხმდეთ. განცხადებების გასაკეთებლად არის მედიასთან კომუნიკაცია.
ღირსების გამო ციხეში არავინ მიდის და თუ ვინმე გასამართლდა, სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედების საფუძველზე. ეს არის ფაქტი. თქვენ თუ ეს ორი საკითხი ერთ სიბრტყეზე გინდათ დააყენოთ, ძალიან უხერხულია. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში კონკრეტული ძალადობის ფაქტები იყო. თუ ვინმეს ღირსების დაცვა და მოთმინება არ ესწავლება, ეს არის მარიამ ლაშხი. მან თითოეულ ჩვენგანს ამის ძლიერი მაგალითი მოგვცა. მასთან მიმართებაში თმენის ვალდებულებაზე საუბარი ძალიან უხერხულია“, – მიმართა ხორგუანს რატი იონათამიშვილმა.
მარიამ ლაშხმა ხორგუანის პასუხად განაცხადა, რომ მზია ამაღლობელის მხრიდან დანაშაულს ჰქონდა ადგილი, მან კი საკუთარი საჩივრით როგორც საკუთარი შვილების, ასევე სხვა ბავშვების უფლებები დაიცვას.
ლაშხმა ამ ორი ფაქტის ერთმანეთთან შედარებას “ძალიან უადგილო“ უწოდა.
“საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ თუ როდის ხდებოდა ის კორუფციული სქემა, რაზეც ახლა ისაუბრეთ. მნიშვნელოვანი იქნება ვადებიც მივუთითოთ, ხომ არ უკავშირდება ეს ასევე თქვენი ლიდერის პრემიერობის პერიოდს?
რაც შეეხება შედარებებს, ერთია კრიმინალური დანაშაული, რაც ქალბატონ მზიას შემთხვევაში მოხდა. პირველ რიგში, ეს არ იყო სილის გაწვნა, ტკივილი თუ გაწითლება. ეს იყო დამოკიდებულება ინსტიტუციის მიმართ, რის გამოც პასუხისმგებლობა დადგა. რაც შეეხება ჩემს გამოცდილებს, არ ვიცი რამდენად ადევნებდით პოლიტიკურ პროცესებს თვალს, არც ერთხელ და არც ათასჯერ ჩვენს პოლიტიკურ ლიდერებს თმენის ვალდებულების შენარჩუნება არ გასჭირვებია, მაგრამ როდესაც ეს ბავშვებს ეხება, მე როდესაც საჩივარი შევიტანე, ამით არა მხოლოდ ჩემი ბავშვები, არამედ სხვაც დავიცავი. ამით პასუხი გავეცი ქმედებებს, რისი დაკანონებაც სურდათ. ეს ჯაჭვი უნდა გაწყვეტილიყო.
პოლიტიკური ლიდერების მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფასა თუ სხვა დანაშაულზე, თუ საერთაშორისო მაგალითებს გადავხედავთ, აშშ-სა თუ ევროპის წამყვან ქვეყნებში ვნახავთ, რა რეაგირებებია და როგორია გადაწყვეტილებები წლების თუ ჯარიმების მიმართ“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.




