მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ

13-15 ივნისს რაგბი ევროპის ჩემპიონატში საქართველოს 7-ქალას დებიუტი შედგა. ხორვატიის საკურორტო ქალაქ მაკარსკაში ჯაბა მალაღურაძის შეგირდებმა ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვეს – იტალია 20:12 დაამარცხეს და პირველი ეტაპი მე-11 ადგილზე დაასრულეს.
დღეს გამთენიისას გუნდი რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე გერმანიაში, ჰამბურგში გაემგზავრა. იმისათვის, რომ გოგონებმა ევროპულ ელიტაში ადგილი შეინარჩუნონ, იტალიის გარდა უკან მინიმუმ კიდევ ერთი გუნდი უნდა მოიტოვონ (ორი ეტაპის ჯამში).
7-ქალას მორაგბე მარიამ გოგუაძეს პირველ ეტაპსა და მეორეს მოლოდინების შესახებ გერმანიაში გამგზავრებამდე ვესაუბრეთ:
„9 წლის წინ, როდესაც რაგბის თამაში დავიწყე, საკუთარ თავს მიზნად ელიტის გუნდებთან თამაში დავუსახე და ბედნიერი ვარ გუნდთან ერთად მიზანს რომ მივაღწიე. იმისათვის, რომ აქ ვყოფილიყავით, შარშან ძალიან ბევრი ვიშრომეთ და ვფიქრობ, დამსახურებულად დავწინაურდით. ვიცოდით, რომ იქ ძალიან კარგი გუნდები დაგვხვდებოდნენ და ადაპტაციას და შეთამაშებას გარკვეული დრო დაჭირდებოდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ კარგი შედეგი ვაჩვენეთ. მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა, თუმცა სადებიუტო დაძაბულობამ და დონეთა შორის სხვაობამ ამის შესაძლებლობა არ მოგვცა. ამის შანსი ჰამბურგში, მეორე ეტაპზე გვექნება“.
„იტალიასთან გამარჯვების შემდეგ გოგონები ერთმანეთით ძალიან ბედნიერი ვიყავით. ამ თამი მაქსიმუმი ჩავდეთ და მიუხედავად იმისა, რომ შეცდომები გვქონდა, მიზანს მივაღწიეთ. დარწმუნებული ვარ ჩვენს გულშემატკივარს მეორე ეტაპზე კიდევ უფრო უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ“.
„დონეებს შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა. პირველი თამაში საფრანგეთთან გვქონდა, რომელსაც 20 წელზე მეტია ქალთა გუნდები ჰყავს და ისინი რეგულარულად თამაშობენ ჩემპიონატს, ჩვენ კი გოგონათა რაოდენობის ნაკლებობის გამო ფაქტობრივად სელექციის საშუალებაც არ გვაქვს. მიუხედავად ამისა, ვიმედოვნებ ჰამბურგში ორ თამაშს მოვიგებთ და ეს რაგბი ევროპის ჩემპიონატში დასარჩენად საკმარისი იქნება, თუმცა ყველას გააზრებული გვაქვს, რომ ამისათვის დიდი ბრძოლა მოგვიწევს“.
„ჰამბურგში მაქსიმალურად კარგი თამაშის ჩვენებას ვეცდებით. უნდა გამოვასწოროთ ის შეცდომები, რაც გერმანიასთან მოსამზადებელ ეტაპზე და რაგბი ევროპის ჩემპიონატზე დავუშვით. ეს ჩვენი ბოლო შანსია, რომ ევროპულ ელიტაში ადგილი შევინარჩუნოთ და ამისათვის მაქსიმუმს გავიღებთ. თასის მეოთხედფინალში გასვლა იდეალური ვარიანტი იქნებოდა. ვფიქრობ, იტალიის გარდა ჩვენი მთავარი კონკურენტები შვედები და პორტუგალიელები იქნებიან. ორივე გუნდის წინააღმდეგ გვითამაშია, ვიცით რას წარმოადგენენ და თუ მათ სადმე გადავეყრებით, შანსის გამოყენებას ვეცდებით“.
შეგახსენებთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ჩვენი გოგონები ბ ჯგუფში საფრანგეთის, ესპანეთის და მასპინძელი გერმანიის წინააღმდეგ ითამაშებენ. ჰამბურგის ტურნირი 27 ივნისს დაიწყება და 29 ივნისს დასრულდება.
Rugby.ge
7-კაცა და 7-ქალა | ჯგუფები და შემადგენლობები ჰამბურგში
7-კაცას მე-7 ადგილი
ქართველი მორაგბე გოგონა, რომელმაც “X ფაქტორში” ყველა გააოცა [VIDEO+PHOTO]
10 მსაჯით ევროპაში
მსოფლიოს საუკეთესო მსაჯი საქართველოს ჰყავს