არაფრის გამო ტერორის მოწყობა ჩემთვისაც დაუვიწყარი იქნება და ჩემი შვილისთვისაც, რომელსაც, არ ვიცი, რატომ უნდა უწევდეს მსგავსი გამოცდილების გამოვლა ცხოვრებაში, რომ დედის ნერვიულობას შეესწროს და საძინებელში მძინარეს უვარდებოდეს ოთხი ფორმიანი ადამიანი , – ამის შესახებ აქტივისტმა მარიამ ბაჯელიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში”ჩხრეკის თაობაზე განაცხადა, რომელიც მის სახლში დილიდან მიმდინარეობდა.
როგორც ბაჯელიძემ აღნიშნა, დღევანდელი ჩხრეკების სერია ფონდებისა და აქტიური მოქალაქეების დაშინების მცდელობაა.
“შინაარს, რა თქმა უნდა, არ ვიცნობ იმიტომ, რომ ამ საქმეს არავითარი საფუძველი არ გააჩნია. ის არის ამ ქვეყანაში არსებული, მართლა ძალიან მნიშვნელოვანი საქმის მკეთებელი ფონდების დაშინების და, ასევე, აქტიური მოქალაქეების დაშინების მცდელობა, რათა შეწყვიტონ პროტესტი, ხმა აღარ ამოიღონ, აღარ გააპროტესტონ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, რეჟიმი და დიქტატურა, რომელიც ჩვენთან უკვე დაკანონებულია. არ ერიდებიან არც პატარა ბავშვებს, არც ორსულ ქალს. მათთვის მორალური ზღვარი არ არსებობს, რისი გადაკვეთაც არ შეუძლიათ, ამაში დღეს დავრწმუნდი იმიტომ, რომ არაფრის გამო ტერორის მოწყობა ადამიანის ცხოვრებაში, რაც ჩემთვისაც დაუვიწყარი იქნება და ჩემი შვილისთვისაც, რომელსაც, არ ვიცი, რატომ უნდა უწევდეს მსგავსი გამოცდილების გამოვლა ცხოვრებაში, რომ დედის ნერვიულობას შეესწროს და საძინებელში მძინარეს უვარდებოდეს ოთხი ფორმიანი ადამიანი”, – განაცხადა მარიამ ბაჯელიძემ.
ბაჯელიძის განმარტებით, ის არცერთ ფონდს არ წარმოადგენს, ის არის მოძრაობა “სირცხვილიას” თანადამფუძნებელი, რომელმაც მანამდე შეწყვიტა ფუნქციონირება, სანამ ქვეყანაში უწყვეტი პროტესტი დაიწყებოდა.
“მე არ ვარ ფონდის წარმომადგენელი, მე ვარ მოძრაობა “სირცხვილიას” თანადამფუძნებელი, ოღონდ მნიშვნელოვანი ნაწილი ის არის, რომ “სირცხვილია” გასული წლის ნოემბრიდან აღარ ფუნქციონირებს, საერთოდ ლიკვიდირებულია ორგანიზაცია და იქამდე პერიოდში ჩვენ აქტივისტური მოძრაობა ვიყავით, აქციებს ვაორგანიზებდით და ეს იყო ანტი-რუსული, მათ შორის, ანტი-სამთავრობოც იმიტომ, რომ “ქართული ოცნება” არის რუსული რეჟიმი.
მოძრაობა “სირცხვილია” მოყვა ამ ფონდებთან ერთად, მაგრამ ლოგიკასაც ვერ ვპოულობ, რატომ ვართ ამ ფონდებთან კავშირში იმიტომ, რომ ეს ფონდები გააქტიურდნენ პატიმრებისა და სხვა დაჯარიმებულების დაფინანსებაში არჩევნების შემდგომ პერიოდში, ნოემბრიდან, როდესაც უკვე ევროკავშირზე უარი თქვა “ქართულმა ოცნებამ” და ჩვენ ამ დროს უკვე, როგორც მოძრაობა, აღარ ვფუნქციონირებდით, არაფერი გვიფიქსირდება”, – განაცხადა ბაჯელიძემ.
