მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს

დღეს, 15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს.
მირქმა – ღვთისადმი მიგებების დღესასწაული, უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია. იუდეველთა წესის მიხედვით, პირველშობილი ყრმა მე-40 დღეს ტაძარში მიყავდათ და ღვთისთვის მსხვერპლს სწირავდნენ: ერთი წლის კრავს, ხოლო სიღარიბის შემთხვევაში, წყვილ გვრიტს ან მტრედის ხუნდს.
წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ. წმინდა სვიმონ ღვთისმიმრქმელმა იცნო ტაძარში მიყვანილი მაცხოვარი, რომელსაც იგი, ანგელოზის სიტყვისამებრ, სამნახევარ საუკუნეზე მეტხანს ელოდა. ებრაულიდან ბერძნულად წმინდა წერილის თარგმნის დროს მას სურდა “ქალწულმა მუცლად იღო” სიტყვა ქალით შეეცვალა. ანგელოზმა მას შესწორება აუკრძალა და უთხრა, რომ ქალწულისაგან შობილ მაცხოვარს იხილავდა.
წმინდა სვიმონი იესოს კრძალვით მიეგება, თავის მკლავზე მიირქვა, მიიწვინა და განაცხადა: „აწ განუტევე მონაი შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა. მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი“. ამ ფაქტის შემდეგ წმინდა სვიმონი მალე აღესრულა.
მირქმა VI საუკუნემდე გამორჩეულად არ აღინიშნებოდა. 528 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) დროს, ანტიოქიას თავს საშინელი დაატყდა, რომელმაც მრავალი ადამიანი იმსხვერპლა; სტიქიას შავი ჭირის ეპიდემიაც დაერთო, ყოველდღე რამდენიმე ათასი ადამიანი იხოცებოდა. ამ განსაცდელის დროს ერთ კეთილმსახურ ქრისტიანს ეუწყა, რომ მირქმის დღესასწაული უფრო საზეიმოდ აღენიშნათ. როცა ამ დღეს ღამისთევის ლოცვები და ლიტანიობა აღასრულეს – ბიზანტიაში უბედურება შეწყდა. ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, 544 წელს, ეკლესიამ განაჩინა, რომ მირქმა (მიგებება)იესო ქრისტესი უფრო საზეიმოდ აღენიშნათ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ალეკო ელისაშვილის ქმედება და BBC-ის ფილმი უნდა განვიხილოთ ერთიან კონტექსტში, ტერორისტული აქტია – დარწმუნებული ვარ, დაკვეთა იყო ელისაშვილის მიმართ, დაკვეთა იყო BBC-ის თემაში

მიხეილ ყაველაშვილი – სამწუხაროა, რომ ცნობილი მედიასაშუალება, როგორიც არის „ბიბისი“, თავს აძლევს უფლებას, ბოლომდე გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაუშვას და დააზიანოს ჩვენი ქვეყანა – მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, სრულყოფილად იქნას გამოძიებული