“არა, მართლებს არასდროს არაფრის არ ეშინიათ” – ასე პასუხობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ჟურნალისტის შეკითხვას, ეშინიათ თუ არა 2023 წლის 7-8 მარტის აქციების გამეორების.
“ჩვენ დღემდე, გუშინაც კი, პირადად ჩემი სიტყვებია, გუშინაც გავიმეორე, რაც შარშან ვთქვი, ჩვენ ბოლო მომენტამდე ვიმეორებდით, რომ ჩვენ კანონს არ დავაბრუნებთ. მეორე მხრიდან, დონორების მხრიდან, მათ შორის შეხვედრების დროს, იყო პირობა, რომ დაფინანსება იქნებოდა გამჭვირვალე. ამ დაპირების ფონზე, გამჭვირვალე კი არ გახდა, კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდა და კიდევ უფრო შავი გახდა ის ფული, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით შემოდიოდა ქვეყანაში.
ამას თქვენი მხრიდან როგორი ნიშნის მოგებით აღნიშნავდენენ სხვადასხვა აქტორები, მაგალითად, მე შემთხვევით არ მითქვამს წინა დღეებში, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ მიზნობრიობის გარეშე მისცეს გრანტი. ე. ი. რამდენად ტყუილია, როგორ გააშავა ფული, რომ მიზნობრიობის გარეშე, მერე გადაატრიალეს ფირფიტა და თქვა, რომ გასკდით გულზე, მიზნობრიობის გარეშე დაგვიმტკიცდა გრანტი. ანუ, უკვე აღარც ერიდებიან” – ამბობს მამუკა მდინარაძე.
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანის თქმით, კანონს დაინიცირება და მიღება დაჩქარების გარეშე მოხდება.
“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავაინიციროთ და მივიღოთ კანონი ყოველგვარი დაჩქარების გარეშე, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, კომიტეტები და სესიები თავის დროზე, ხანგრძლივი პროცედურა, როგორც ჩვეულებრივ შემთხვევაშია. მოვიდნენ და წარმოადგინონ არგუმენტები” – თქვა მდინარაძემ ბრიფინგზე.
მდინარაძე ამბობს, რომ უკიდურეს პროვოკაციებს მაქსიმალურად დააზღვევენ, მათ შორის საინფორმაციო თვალსაზისითაც.
“რაც შეეხება შარშანდელს, იქ იყო უკიდურესი პროვოკაციების რისკი, რასაც დავაზღვევთ მაქსიმალურად, მათ შორის საინფორმაციო თვალსაზრისითაც.
ერთი რამ უნდა ვაღიაროთ, შარშან კომუნიკაციაში ბოლომდე გამართულები არ ვიყავით. ერთი წლის განმავლობაში მართლა არაერთი ადამიანი მინახავს, რომელსაც პირადად ჩემთვის უთქვამს, რომ იყო შეცდომაში შეყვანილი და მართლაც ეგონათ რუსული კანონი. წაუკითხავი კანონი გააპროტესტებინეთ ადამიანებს რა კანონზე იყო საუბარი, უბრალოდ აღშფოთდნენ, რომ ეს კანონი, თითქოს, იყო რუსული” – თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა.
· NGO-ების “გამჭვირვალობაზე” ოცნება რუსულ კანონს ხელახლა აინიცირებს
არასამთავრობო ორგანიზაციების “ფინანსების გამჭვირვალობაზე” ქართული ოცნება რუსულ კანონს ხელახლა აინიცირებს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ტექსტი ზუსტად იგივე იქნება. ერთადერთი, “უცხოური გავლენის აგენტი” ჩანაცვლდება ტერმინით – “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია”. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელი დარჩება.
2023 წლის 7 მარტს ქართული ოცნების მიერ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო – გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.
10 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის, მოქალაქეების პროტესტისა და რუსთაველზე გამართული მასშტაბური აქციების შემდეგ პარლამენტმა რუსული კანონი II მოსმენით ჩააგდო.