მართლა გაოცებული ვარ იმით, რამდენად კარგავს “ლელო” საკუთარ იდენტობას – ანა ბუჩუკური “ლელოს” ხედვაზე

მმართველი გუნდი და საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი “ლელოს” აკრიტიკებს და მამუკა ხაზარაძის პარტიის რადიკალურ ნაბიჯებზე საუბრობს.
“ლელოს 9 ნაბიჯი ევროპისკენ” – ასე ჰქვია ხედვას, რომელიც დღეს პარტიის საპარლამენტო გუნდმა დამოუკიდებლად წარადგინა, რეკომენდაციების შესრულების სამუშაო ჯგუფს კი გუშინ, ბოიკოტი გამოუცხადა.
“ლელოს” პოზიციას არ იზიარებს არც “ქართული ოცნება” და არც საპარლამენტო ოპოზიცია. მათი განცხადებით, 9 დათქმის შესრულების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყველა პოლიტიკურმა ძალამ საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესი გვერდზე უნდა გადადოს და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” წევრის ანა ბუჩუკურის განცხადებით, “ლელო” არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკუთარი იდენტობა ჰქონდეს და მათი ნარატივი ძალიან გავს “ნაცურ” ნარატივს.
“მართლა გაოცებული ვარ იმით, რამდენად კარგავს “ლელო” საკუთარ იდენტობას, უფრო სწორად, არც ჰქონია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ აკეთებს არაფერს იმისთვის, რომ საკუთარი იდენტობა ჰქონდეს და მათი ნარატივი იქნება თუ რაღაც დამოკიდებულებები იქნება, ძალიან ჰგავს “ნაცურ” ნარატივს. მართლა მგონია, რომ ეს მათთვის გამოწვევაა”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
“გირჩის” წევრის ს განცხადებით, “ლელოს” არც ერთი საქმე არ გაუკეთებია სწორად და 9 პუნქტის შესრულების საკითხთან დაკავშირებითაც არ იქცევა კონსტრუქციულად.
“ერთი საქმეც კი არ მახსენდება, რომელიც “ლელომ” გააკეთა და ეს სწორად იყო გაკეთებული. თუ ვინმე შემახსენებს მოვიბოდიშებ, მაგრამ არ მახსენდება და ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს როგორ შეიძლება იყოს სწორი და ნორმალური ქცევა, მაშინ როდესაც ვიცით, რომ გასულ წელს იმავენაირმა ქცევამ არაფერი შედეგი არ გამოიღო. ჩვენ ყველა შეხვედრაზე დავდივართ, რომ მინიმუმ ამბავი გამოვიტანოთ და ადამიანებს ვუთხრათ იქ რა ხდება”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.