სამი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი 12 წუთით ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა, – ამის შესახებ განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„დღეს, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ესტონეთში რუსეთის საქმეთა რწმუნებული დაიბარა, რათა პროტესტი გამოეხატა და ნოტა გადაეცა ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის თაობაზე, რომელიც 19 სექტემბერს მოხდა.
შემოჭრა ფინეთის ყურის საჰაერო სივრცეში მოხდა, სადაც რუსეთის ფედერაციის სამი „მიგ-31“ საბრძოლო თვითმფრინავი ნებართვის გარეშე შევიდა ესტონეთის საჰაერო სივრცეში და მანდ ჯამში 12 წუთი გაატარა“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსული საბრძოლო თვითმფრინავების შეჭრას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნაც გამოეხმაურა.
„რუსეთმა წელს უკვე ოთხჯერ დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე, რაც თავისთავად მიუღებელია, მაგრამ დღევანდელი შემოჭრა, როდესაც სამი საბრძოლო თვითმფრინავი შემოვიდა ჩვენს საჰაერო სივრცეში, უპრეცედენტოდ თავხედურია. რუსეთის მიერ ლიმიტების ფართო ცდასა და მზარდ აგრესიულობას პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის სწრაფად გაზრდით უნდა ვუპასუხოთ“, – განაცხადა ცაჰკნამ.
