მარგარიტის სხინასი – “უცხოური გავლენებისა” და “საოჯახო ღირებულებების” კანონების გაწვევისა და რეფორმების გარეშე შეუძლებელი იქნება გაწევრიანების გზაზე პროგრესის მიღწევა – პირობები ცნობილია, რაც უფრო მალე იქნება გააზრებული თბილისში, მით უკეთესი

“უცხოური გავლენების კანონისა” და ე.წ. “საოჯახო ღირებულებების კანონის” გაწვევისა და დემოკრატიული რეფორმების მიღების გარეშე საქართველოსთვის შეუძლებელი იქნება გაწევრიანების გზაზე პროგრესის მიღწევა – პირობები ცნობილია და ცხადია – რაც უფრო მალე იქნება ეს გააზრებული თბილისში, მით უკეთესი, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მარგარიტის სხინასმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს ევროპულ გზაზე საუბრისას მან სამი კომპონენტი დაასახელა.
მან ისაუბრა ევროკავშირის „მკაფიო პასუხზე” საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით და ამ კონტექსტში აღნიშნა, რომ ნებისმიერი ხელახალი ჩართულობა საქართველოს ხელმძღვანელობასთან, „ცხად და მკაცრ პირობებს“ მოითხოვს.
ამასთან, ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ორშაბათს “საგარეო საქმეთა საბჭოზე” საშუალება იქნება განიხილონ და შეთანხმდნენ „ შემდგომი და დამატებით ნაბიჯებზე“.
„ამ გადამწყვეტი მომენტების შემდეგ, მსურს ევროკომისიის სახელით ევროპის პასუხის სამ კომპონენტს გავუსვა ხაზი.
პირველი – ივლისიდან მოყოლებული ევროკავშირმა მკაფიო პასუხი გასცა საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას. წევრ ქვეყნებთან კოორდინაციაში, ჩვენ დავაქვეითეთ პოლიტიკური კონტაქტები და შევაჩერეთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარება – ევროპული დახმარების 30 მილიონი ევრო და [საქართველოს] მთავრობისთვის განკუთვნილი პირდაპირი დახმარების 121 მილიონი ევრო. შედეგად, საქართველოს გაწევრიანების პროცესიც შეჩერებულ იქნა.
ეს ზომები ძალაში დარჩება მანამ, სანამ [საქართველოს] ოფიციალური პირები ქმედების კურსს არ შეცვლიან. ამავდროულად, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისადმი ჩვენს ურყევ მხარდაჭერას, რომლებიც იქ, ისევე როგორც ჩვენთან, დემოკრატიის ფუნდამენტურ სვეტად რჩებიან.
მეორე – ს შემდეგ ევროკავშირმა თავისი პოზიცია ცხადი გახადა ძლიერი საჯარო განცხადებებით. მოუწოდა საქართველოს ოფიციალურ პირებს გამოეძია სერიოზული დაფიქსირებული დარღვევები. ჩემმა კოლეგამ, ჟოზეფ ბორელმა, უკვე შეიყვანა საქართველოს არჩევნების საკითხი შემდეგი “საგარეო საქმეთა საბჭოს” დღის წესრიგში, რომელიც შემდეგ ორშაბათს ჩატარდება. და ეს საშუალებას მოგცემს უფრო მეტად განვიხილოთ შემდგომი ნაბიჯები და პოტენციალურ დამატებით ნაბიჯებზე შევთანხმდეთ.
ბოლოს – ნებისმიერი სამომავლო ხელახლა ჩართულობა საქართველოს ხელმძღვანელობასთან მოითხოვს ცხად და მკაცრ პირობებს, რომლებიც ასევე აღნიშნულია ჩვენი ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში. მთავრობამ კვლავ ერთგული უნდა გახდეს სარეფორმო დღის წესრიგის, მათ შორის 9 ნაბიჯის შესრულების, რომლებიც ევროკომისიამ განსაზღვრა. მან ასევე უნდა შეწყვიტოს დეზინფორმაცია, ყალბი ამბები, ევროკავშირის საწინააღმდეგო ზიზღი და რიტორიკა. სპეციფიკური ზომები მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება. “უცხოური გავლენების კანონი” და ე.წ. “საოჯახო ღირებულებების კანონი” გაწვეულ უნდა იქნან.
ამ კანონების გაწვევისა და დემოკრატიული რეფორმების მიღების გარეშე საქართველოსთვის შეუძლებელი იქნება გაწევრიანების გზაზე პროგრესის მიღწევა. საქართველოს ევროპულ გზის ალტერნატივა არ არსებობს. პირობები ცნობილია და ცხადია – დემოკრატია და კანონის უზენაესობა. რაც უფრო მალე იქნება ეს გააზრებული თბილისში, მით უკეთესი”, – განაცხადა სხინასმა.