მარბურგის ცხელება – საქართველოში რეკომენდაციების გაცემა ჯერ საჭირო არ არის

მარბურგის ცხელება ებოლას ვირუსის მონათესავე ინფექციაა. მას სწრაფად გავრცელება არ ახასიათებს, თუმცა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი აქვს. დაინფიცირების შემთხვევების 88 %-ზე მეტი ფატალურად სრულდება. ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ არსებობს, ამიტომ ინფექციონისტები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია ადამიანებმა, რომლებსაც სიმპტომები გამოუვლინდებათ დროულად ექიმს მიმართონ.
,,კომერსანტი’’ დაინტერესდა არის თუ არა საქართველოში ვირუსის გავრცელების საფრთხე. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში მარბურგის ცხელების შემთხვევა არასდროს დაფიქსირებულა. ვირუსის გავრცელება კი მხოლოდ ინფიცირებულთან კონტაქტით ხდება.
,,საქართველოში არასდროს არ დაფიქსირებულა. არ არის ჰაერწვეთოვანი ინფექცია. მარბურგის ცხელება მაინც კონტაქტური ინფექციაა და შედარებით ნაკლებია გავრცელების შანსი. საქართველოში ინფექციის დაფიქსირების შანსი ნაკლებია. თუმცა ინფექცია ყველგან შეიძლება გავრცელდეს.’’- აცხადებს მარინა ენდელაძე.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მიიჩნევს, რომ რეკომენდაციების გაცემის საჭიროება და აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას.
,,რეკომენდაციების გაცემის საკითხს კლინიცისტები არ ვწყვეტთ. ამაზე გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგები იღებენ. ეს დაავადებათა კონტროლმა და ეპიდემიოლოგებმა უნდა გადაწყვიტონ. მე ვფიქრობ, რომ ჯერ რეკომენდაციების გაცემა აუცილებელი არ არის. ჯერ არ შემოსულა ინფექცია. ზოგადად ყველა ჰემორაგიული ცხელება საყურადღებო და საშიშია. ეს ძალიან მძიმედ არ ითვლება, მაგრამ ზოგ ავადმყოფთან დამძიმდება. შეიძლება უბრალო გაციებამაც დაამძიმოს პაციენტი. ასე თქმა, რომ დაავადება საშიშია არ არის არ იქნება სწორი, თუმცა სამკურნალო საშუალება ჯერჯერობით არ არსებობს. აქ არის ძირითადად სიმპტომატური თერაპია და პათოგენეზური. ამისი გაკეთება ჩვენ კარგად ხელგვეწიფება. 100%-ით დამტკიცებული მედიკამენტი ჯერ არ არის.’’- აცხადებს ,,კომერსანტთან’’ საუბარში მარინა ენდელაძე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რუანდაში მარბურგის ეპიდემია გამოაცხადა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აფრიკის კონტინენტზე მარბურგის ცხელება დაფიქსირდა. ,,ჯანმოს’’ გაფრთხილების შემდეგ ყაზახეთმა აეროპორტებში მგზავრებისთვის ტემპერატურის გაზომვა დაიწყო. საზღვარგარეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრებს საზღვარზე უკონტაქტოდ უზომავენ სიცხეს.
ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები სექტემბერში რუანდაში დაფიქსირდა. 29 სექტემბრისთვის რუანდაში დაავადების 26 შემთხვევა აღირიცხა. რვა ინფიცირებული გარდაიცვალა. ჯან­დაც­ვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ვირუსით საშუალოდ ინფიცირებულთა ნახევარი იღუპება.