თბილისში, სოფელ დიღომში მდებარე მარანი „უწყინარი“ ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა და 7 სახის კახურ და რაჭულ ღვინოებს აწარმოებს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, შოთა წულუკიძემ BM.GE-სთან განაცხადა, მარანი კლასიკური ტიპის, კერძოდ ევროპული ღვინოების წარმოებას გეგმავს.
მისი ინფორმაციით, კლასიკური ტიპის ღვინის ხაზის ასამოქმედებლად, მარნის გაფართოება მიმდინარეობს, რომელშიც დაახლოებით 30 000 ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.
„ცალკე საწარმოს ვაშენებთ, რომელიც კონკრეტულად ევროპული ღვინის საწარმოებლად იქნება გამოყოფილი.
საკუთარი ვენახები არ გვაქვს, თუმცა კონტრაქტორები გვყავს, რომლებისგანაც ღვინოს ვყიდულობთ. წელიწადში საშუალოდ 10 0000 ბოთლ ღვინოს ვაწარმოებ. ხოლო, წელს, წარმოების მინიმუმ გაორმაგება იგეგმება.
ჩვენს მიერ წარმოებულ ღვინოებზე მოთხოვნა მზარდია, როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე. ქართულ ბაზარზე აქტიურად ვართ ღვინის ბუტიკებსა და მაღაზიებში წარმოდგენილი, როგორიცაა მაგალითად 8000 მოსავლის ქსელი. ამასთან, ჩვენი პროდუქცია ბათუმის ღვინის რამდენიმე მაღაზიაშიც გაგვაქვს.
ხოლო, ექსპორტს ნიდერლანდებში, გერმანიასა და წელს უკვე ამერიკაშიც ვახორციელებთ. წელს ამერიკის ბაზარიც დავამატეთ, რომელთანაც ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდში გვქონდა მოლაპარაკებები. ამერიკის ბაზარზე, პირველ ეტაპზე 1000 ბოთლი გავგზავნეთ,“აცხადებს წულუკიძე.
მისივე ცნობით, წარმოებული პროდუქციის 40% ექსპორტზე გააქვს. ხოლო, 60% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანია წელს ჩინეთის ბაზაზე მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს.