მანჯგალაძის თქმით, პროდასავლურ ოპოზიციას ევროინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმების მიღება 2 თვეში შეუძლია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, თუ ხელისუფლებაში პროდასავლური ოპოზიცია მოვა, 2 თვე დასჭირდება ყველა იმ რეფორმის შესრულებას, რაც ქვეყანას ევროკავშირში შეიყვანს.
მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში შეყვანა შეუძლია მხოლოდ კოალიციურ მთავრობას. ამის შესახებ მანჯგალაძემ დღეს, 28 ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.
„ვერანაირ ევროპას თქვენ ვერ მოუტანთ საქართველოს, ამიტომ გამოსავალი მარტივია – პროდასავლური ოპოზიციის მოსვლა. ორი თვე სჭირდება ყველა იმ რეფორმის მიღებას, რომელიც საქართველოს გაუხსნის პერსპექტივას გახდეს ევროპის ნაწილი. არც კი მოვიკითხავთ თქვენ სად იქნებით, რას გააკეთებთ, მთავარია ხელი არ შეგვიშალოთ“, – მიმართა მ უმრავლესობას.
როგორც პაატა მანჯგალაძე ამბობს, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დადებითი რეკომენდაციის გაცემამ ხელისუფლების „რუსული პროპაგანდა“ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო და ახლა სურს, რომ ნათელ მხარეს გადავიდეს.
„მანამდე 18 თვის განმავლობაში ვხედავდით აღვირახსნილ კამპანიას, რომ ევროკავშირი სათაგურია, თავი ძალით შეგვაყოფინეს, ევროკავშირს ჩალის ფასი აქვს, არაფერს არ იძლევა და ასე შემდეგ – ეს ფართომასშტაბიანი პროპაგანდა დამარცხდა, ეს ყველაფერი არის ქართველი ხალხის მონდომებითა და დამსახურებით, რომელიც არ აჰყვა პროპაგანდას, რომ თურმე დასავლეთი არის მტერი და არის მეგობარი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.