4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული პაატა მანჯგალაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალი აბსურდულია.
სხდომაზე ბრალდების მხარემ ვიდეომტკიცებულებები წარადგინა, კონკრეტულად კი, ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გასული მისი განცხადება. მანჯგალაძის თქმით, არ არსებობს ბუნებაში მტკიცებულება, რომ რაიმე ფორმით ან მარტო ან ვინმესთან ერთად ჩართული ვიყაბი ხელისუფლების დამხობის გეგმაში.
“მე არ ვემიჯნები ამ განცხადებებს, რასაც იქ ვლაპარაკობ. ხელისუფლების წყარო ამ ქვეყანაში არის ხალხი, მე ამაზე ვლაპარაკობდი, ეს ვიდეო პირიქით, არგუმენტად გამოდგება. მე როგორც რიგითი მოქალაქე ისე მივდიოდი იმ აქციაზე. ხალხთან ერთად დგომა მინდოდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცეცხლის კალოს მოწყობას ვაპირებდი. არ არსებობს ბუნებაში მტკიცებულება, რომ რაიმე ფორმით ან მარტო ან ვინმესთან ერთად ჩართული ვიყავი ხელისუფლების დამხობის გეგმაში”- თქვა მანჯგალაძემ.
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულია საორგანიზაციო კომიტეტში შემავალი 5 პირი- ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.
მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




