“მანქანის ნომრით ვიპოვეთ სავარაუდო თავდამსხმელი” – აქტივისტი, რომელსაც აქციაზე მანქანა დაეჯახა

საავადმყოფოებიდან გამოწერეს აქტივისტები მარიამ მეყანწიშვილი და ლიზი უბილავა, რომლებსაც 22 ივნისს საპროტესტო აქციაზე ყოფნისას სამოქალაქო პირმა ავტომობილი დააჯახა – ორივე მათგანს სხეულის სხვადასხვა დაზიანება და ორკვირიანი წოლითი რეჟიმი აქვს.
“მოტეხილი მაქვს მარჯვნივ მეათე ნეკნი და მენჯის ფრთის მიდამოს იოგოვანი და რბილი აპარატის მსუბუქი ღრძობა და დაჭიმულობა – გამომწერეს სახლში და მაქვს ორ კვირამდე წოლითი რეჟიმი.
გამოძიებიდან დამიკავშირდნენ და მთხოვდნენ პოლიციის განყოფილებაში მისვლას ამ მდგომარეობაში. ვუთხარი, რომ მინდა სახლში გამომკითხონ, ადვოკატიც დაუკავშირდა და შესაძლოა დღეს მოვიდნენ. მანქანის ნომრით ვიპოვეთ, ვინც იყო მანქანის მძღოლი. ეს არის სავარაუდოდ 2002 წელს დაბადებული ლუკა მაისურაძე, რომელიც შეყვარებულთან ერთად იჯდა მანქანაში და ისე შემოვარდა დემონსტრანტებს შორის, პოლიციასაც არ დაემორჩილა და იმათაც გადაუარა”, – ეუბნება რადიო თავისუფლებას მარიამ მეყანწიშვილი.
“მუხლის ტკივილები მაქვს კოჭლობით დავდივარ და ყურს უკან მტკივა კიდევ, სადაც მანქანის სარკე მომხვდა”, – პოლიცია ლიზი უბილავასაც დაუკავშირდა ინციდენტის შემდეგ, თუმცა ამ დრომდე გამოკითხული არ არის.
მანქანის ინციდენტი თბილისში, საპროტესტო აქციაზე 22 ივნისის ღამით მოხდა – მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა, სადაც მძღოლის გარდა კიდევ ერთი მგზავრი, ახალგაზრდა ქალი იჯდა, დემონსტრანტებს შორის შევარდა, რამდენიმე მათგანს დაეჯახა, პოლიციელთან რამდენიმე წამით გაჩერდა და შემდეგ კვლავ განაგრძო მოძრაობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით არ გაუვრცელებია ინფორმაცია – არც გამოძიების დაწყების და არც დაკავებულის შესახებ. როგორც უწყების პრესსამსახურში უთხრეს რადიო თავისუფლებას, მომხდარს პოლიცია ძალადობის (სისხლის სამართლის 126-ე მუხლი) მუხლით იძიებს. ჰყავს თუ არა გამოძიებას იდენტიფიცირებული და გამოკითხული სავარაუდო თავდამსხმელი, რომლის ავტომანქანის ნომერიც გარჩევაშია ინციდენტის ამსახველ კადრებში, უწყება ამ კითხვას არ პასუხობს.
ფორუმი