მანქანის გატეხვისა და ქურდობისთვის პოლონეთში სამი ქართველი დააკავეს

პოლონეთში, ქალაქ ვოლაში მანქანის გატეხვისა და ქურდობისთვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. მედიის ინფორმაციით, 40, 41 და 22 წლის ქართველებმა ავტოსადგომზე გაჩერებული “აუდის” მარკის ავტომანქანა გატეხეს და იქიდან ნივთები მოიპარეს.
პოლიციამ ისინი ცხელ კვალზე დააკავა. ჩხრეკის შედეგად პოლიციამ აღმოაჩინა გასაღებების ნაკრები და სამკაულები. დაკავებული ქართველები დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსეს და სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
გაირკვა, რომ დაკავებულებს ჩადენილი დანაშაულების ჩანაწერებიც ჰქონდათ. დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.