პარლამენტის გადაწყვეტილებით, შეკრება მანიფესტაციების დროს სახის ნიღბით და ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა აიკრძალა. აკრძალული ნივთების ჩამონათვალს დაემატა პიროტექნიკა, ლაზერული და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნებისმიერი საშუალება. მათი გამოყენების შემთხვევაში, აქციის მონაწილე 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.
“ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საბოლოო, მესამე მოსმენით, 83 ხმით, ერთხმად დაამტკიცეს.
შეკრება – მანიფესტაციაზე მყოფ იმ პირთა ნუსხას, რომელთაც პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე სახის დაფარვის უფლება ექნებათ, შინაგან საქმეთა მინისტრი დაადგენს. ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრი განსაზღვრავს ასეთ პირებზე შესაბამისი ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს.
ამავე პაკეტის გათვალისწინებით, საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია სპეციალური ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები.