მანდატურებმა და პოლიციელებმა ადვოკატებს არ მისცეს სასამართლოში შესვლის შესაძლებლობა – ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ეხმაურება გუშინ, 22 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე შესვლის შეფერხებად. ასოციაციის თქმით, მანდატურებმა და პოლიციელებმა სასამართლოში შესვლაზე პრობლემა შეუქმნეს, მათ შორი, ადვოკატებსაც.
ასოციაცია მოუწოდებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციას, პატივი სცეს ადვოკატებს და სხვა შემთხვევებში წესრიგის უზრუნველყოფაზე ისე იზრუნონ, რომ არ შეაფერხონ მათი პროფესიული საქმიანობა.
“როგორც კონკრეტული ადვოკატების მომართვისა და ასევე, მასობრივი მედიის საშუალებებით ასოციაციისათვის გახდა ცნობილი, 2025 წლის 22 მაისს, რამდენიმე ადვოკატს, სასამართლოს მანდატურის სამსახურისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან, არ მიეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა. ადვოკატთა განცხადებით, ამ პროცესში, ცალკეულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხებასა და უხეშობას, ეს ყოველივე კი წარმოადგენს ადვოკატთა უფლებების დარღვევას. გვსურს განვმარტოთ, რომ ადვოკატის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელება დაცულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე “ადვოკატთა შესახებ’” საქართველოს კანონით. აღნიშნული კანონის თანახმად, ადვოკატს უფლება აქვს, თავისუფლად იმოქმედოს და დაიცვას კლიენტის ინტერესები სასამართლოში ყოველგვარი დაბრკოლებისა და შეზღუდვის გარეშე. შესაბამისად, ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ადვოკატის პროფესიული საქმიანობის შეფერხებას, წარმოადგენს კანონდარღვევას. შესაბამისმა სამსახურებმა, სასამართლოს ტერიტორიისა და შენობის უსაფრთხოების დაცვისას, პატივი უნდა სცენ ადვოკატებს და უზრუნველყონ მათი უფლებების სათანადოდ განხორციელების ყველა პირობა. მოვუწოდებთ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციას, მომავალში, რეზონანსული საქმეების გამო (თუ სხვა შემთხვევებში), უსაფრთხოების ზომების განხორციელებასთან ერთად, შექმნან ადვოკატების შეუფერხებელი საქმიანობის პირობები, მაგალითად, ადვოკატებისათვის ცალკე შესასვლელი, რათა ადვოკატებს ხელი არ შეეშალოთ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში და ამავე დროს, არ შეფერხდეს სხვა მიმდინარე სასამართლო პროცესები. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია კვლავაც ყურადღებით გააგრძელებს აღნიშნული საკითხის მონიტორინგს და გამოიყენებს ყველა სათანადო საშუალებას, რათა არც ერთ ადვოკატს არ შეეზღუდოს პროფესიული საქმიანობის უფლება, კანონით დადგენილ ფარგლებში”, – წერია ადვოკატთა ასოციაციის განცხადებაში.
გუშინ, 22 მაისს, ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო სხდომისა და მის მხარდასაჭერად, სასამართლოსთან დაანონსებული აქციის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში განსაკუთრებული რეჟიმი მოქმედებდა. როგორც სასამართლოს შენობაში, ისე ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულები იყვნენ დიდი რაოდენობით პოლიციელები.
სასამართლოს ეზოში შესვლა შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთი შესასვლელიდან და იქიდანაც ყველას არ უშვებდნენ. შესასვლელთან მოწყობილი იყო ერთგვარი კორდონი, სადაც პოლიციელები და მანდატურები ყველა შემსვლელს ეკითხებოდნენ სასამართლოში შესვლის მიზანს და სხვა დეტალებს. მოქალაქეებსა და ადვოკატებს სასამართლოს ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობას მხოლოდ მას შემდეგ აძლევდნენ, რაც მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ადმინისტრაციასთან გადაამოწმებდნენ. უშალოდ ზურაბ ჯაფარიძის პროცესზე დასწრებისა თუ მის საგულშემატკივროდ მისული მოქალაქეებს კი სასამართლოს ტერიტორიაზე საერთოდ არ უშვებდნენ.
ზურაბ ჯაფარიძის სხდომის გამო განსაკუთრებული რეჟიმი მოქმედებდა, მათ შორის, ჟურნალისტებისთვისაც. სასამართლოს შენობაში ფოტო და ვიდეო კამერების შეტანის უფლება შეიზღუდა ყველასთვის, გარდა საზოგადოებრივ მაუწყებლისა.

ასევე დაგაინტერესებთ

გედევან ფოფხაძე – საგამოძიებო კომისია არის დაჭერის ფორმალური წინაპირობა, წულუკიანს იარაღის მაგივრად ადამიანებს უდებენ ჯიბეში – უნდა მოვემზადოთ გადამწყვეტი ბრძოლისთვის, მე არათუ ციხისთვის, არამედ ტყვიისთვისაც ვარ მზად

ლევან ცუცქირიძე – ხვალ რომ დანიშნონ ახალი არჩევნები, არ უნდა ვიყოთ მზად? – დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ შემდეგ არჩევნებში, რომელშიც მეტ-ნაკლებად სამართლიანი გარემო იქნება, “ქართული ოცნება” კიდევ უფრო დამაჯერებლად დამარცხდება