კომპანია „აგრო ინვესტ სერვისი“ დირექტორის, ვაჟა მკურნალიძის თქმით, “არასწორად გაშენებული ბაღებისა და ჯიშგაუნახლებლობის გამო, ამასთან არადივერსიფიცირებული ბაზრების გამო, მანდარინის ექსპორტი 2-3 ბაზარზეა ჩამოკიდებული”.
ცნობისთვის, წელს საქართველოდან 1.3 მლნ-ის 2,163 ტონა მანდარინი გავიდა ექსპორტზე, რაც თანხაში 81.4%-ით ნაკლებია, მოცულობაში კი, 81.7%-ით ნაკლები წინა წელთან შედარებით.
როგორც bm.ge-სთან ინტერვიუში ვაჟა მკურნალიძემ განმარტა, ექსპორტის მოცულობების შემცირება თავიდანვე პროგნოზირებადი იყო, რაც არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული.
“ძირითადი ბაზარი არის რუსეთი. ასევე, ციტრუსის მოსავლის აღება, მისი საექსპორტოდ გამზადება და ექსპორტზე გაშვება ძალიან მოკლე პერიოდში ხდება. ყველაზე კარგ შემთხვევაში, 1-თვიან პერიოდში, რაც ფერმერისთვის გამოწვევაა. მაგალითად, გასულ სეზონს თუ ავიღებთ, კლიმატური პირობების გამო, ნოემბრის ბოლოდან დაიწყო მოსავლის მასიურად აღება და ციტრუსის ექსპორტზე მიწოდება 95% 25 დეკემბრამდე მოხდა. ამ დროს ჭარბი მიწოდება და სარეალიზაციო ფასის ვარდნა ხდება. ანუ ექსპორტის და რეალიზაციის დასაწყისში პირველი 10 დღეა მაღალი ფასი, როდესაც მოთხოვნაა. შემდეგ, როდესაც მოსავალი დაიკრიფება, ბაზარზე ჭარბი მიწოდება ხდება”, – ამბობს მკურნალიძე.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ციტრუსის ბაღები ადრემწიფებადი ბაღებით ჩანაცვლდეს, რათა მოსავლის აღების პროცესი გახანგრძლივდეს და მაგალითად, ოქტომბრის დასაწყისიდან დაიწყოს. ამასთან, მნიშვნელოვანია ლოგისტიკური ცენტრების გამართვა, რათა პროდუქცია ტექნოლოგიების საშუალებით სათანადო პირობებში დასაწყობდეს, რაც საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციასაც შეუწყობს ხელს.
